რჩევები მშობლებს
კონსტანტინე გამსახურდია
,, დავით აღმაშენებელი
როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ
არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო
ჭეშმარიტი საქმე - ბოლოთი.
სპილო ხორთუმითა ჰკლავს
თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებითა.
უღირსი კაცის თვალში
თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პაშტა სარკეში როდის ჩატეულა
თუნდაც სპილენძის ხატებაი.
უბედურება ეკალსა ჰგავს,
გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა
ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.
ყველაზე უფრო ძნელი
დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი
ამქვეყნად.
მე მგონია, როგორც
ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება
ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწყურდება, სჩანს, მას კარგად აქვს
შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია.
როცა იგი მაქებარს
დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა
თვალში.
სწორედ ამიტომაც ჰყავდათ
დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა
უზნეო სულტანებს.
ბუნების წესია ასეთი:
მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება
ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს.
თვით უაღრესი ცილისწამებისგან
უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს.
ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც
ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი
ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს არ დამანახებდა
მათთანვე ბრძოლა.
ზოგს ენა როდი აბია,
თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი
ენის მეოხებითა.
ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია,
მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ.
ჩვენი დროის ათი მცნება
1. შენ ხარ მარადიული,
განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი
მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო
მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც
გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს
ეკუთვნის. შენ ხარ
მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
4. მიეცი მას წრფელი
გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე.
ისე იცხოვრე, ვითომ
ამ ქვეყნად არც მოვალე
გყოლია და არც მშველელი.
6. განაგე თავი შენი
და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და
ურჩი სურვილები.
7. გზის გაკვლევა და
გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და
სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს
ყველაფერი დაუჯერე.
იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ
ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
9. თავმოყვარეობა შეიძინე
და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ
გადააჭარბებ. არ გაამაყდე.
10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი
– შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.
შენი მოსიყვარულე მამა
მიხეილ ჯავახიშვილი
მარია მონტესორის მცნებები
მშობლებისთვის
ეს ყველა მშობელმა
უნდა წაიკითხოს - მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის
ეს მოკლე რჩევები იმედნად
მარტივი და იმავდროულად ბრძნულია, ყველას დააფიქრებს. იტალიელი მარია მონტესორი ცნობილი
პედაგოგი და ფსიქოლოგი იყო, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე წამყვან პედაგოგთან ერთად
ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მეოცე საუკუნეში ბავშვების პედაგოიურ აღზრდაში.
მონტესორის მცნებების
სია ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს, ასეთ შემთხვევაში ბავშვებთან ურთიერთობასაც ააწყობენ
და მათი შვილები უფრო განვითარებულნი და ჰარმონიული პიროვნებები იქნებიან.
1. თუ ბავშვს ხშირად
აკრიტიკებენ - ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
2. თუ ბავშვს ხშირად
აქებენ - ის სწავლობს შეფასებას.
3. თუ ბავშვის თვალწინ
ხშირია მტრული გარემო - ის სწავლობს ჩხუბს.
4. თუ ბავშვთან მართალნი
არიან - ის სწავლობს სამართლიანობას.
5. თუ ბავშვს ხშირად
დასცინიან - ის მხდალი გაიზრდება.
6. თუ ბავშვი ცხოვრობს
გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს - შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
7. თუ ბავშვს ხშირად
არცხვენენ - ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
8. თუ ბავშვს ხშირად
უწონებენ საქციელს - ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
9. თუ ბავშვთან ხშირად
არიან გულისხმიერნი - ის სწავლობს, იყოს მომთმენი.
10. თუ ბავშვს ხშირად
წაახალისებენ - ის თავდაჯერებულობას იძენს.
11. თუ ბავშვი მეგობრულ
გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას - ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის
პოვნას.
12. ბავშვებს ასწავლის
ის გარემო, რაც მათ მოიცავს.
13. პატივი ეცით ბავშვს,
რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
14. არ ილაპარაკოთ
ცუდად ბავშვზე - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
15. ეცადეთ, ბავშვში
ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
16. ყოველთვის მოუსმინეთ
და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.
17. მზად იყავით ბავშვის
დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.
18. დაეხმარეთ ბავშვს
იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით
და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას
ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები - მას შესთავაზეთ საუკეთესო, რაც თვით თქვენშია.
სამი მცნება მშობლისთვის:
1. გჯეროდეს შენი ბავშვის
უსაზღვრო შესაძლებლობების!
თუ თქვენ გჯერათ რომ
სამყარო უსასრულოა, რომ ბუნებას არ აქვს საწყისი და სასრული, რომ მას არა აქვს საზღვრები
მაშინ იცოდეთ რომ ერთადერთი სრულყოფილი მოდელი ამ უსაზღვროების და ამოუწურავი შესაძებლობების
არის ბავშვი.
2. გჯეროდეს ღვთიური
ნაპერწკლისა შენში, როგორც მშობლისა და პედაგოგისა.
შვილი, ის ღვთიური
არსებაა, რომელიც გარკვეული მისიით და დანიშნულებით მოევლინა ამ სამყაროს და რადგან
ღმერთმა მისი აღზრდა შენ მოგანდო, ესე იგი მას სჯერა შენი, ეს იგი მან მოგცა შენ საიმისო
ტალანტი და უნარები, რომ გაზარდო ეს ბავშვი ღირსეულად. ირწმუნე ეს და მაშინ შენში გაიხსნება
ეს ტალანტი და ეს უნარები.
3. გჯეროდეს, რომ ბავშვი
არის თავისი დანიშნულების მატარებელი.
თქვენი შვილები მოვიდნენ
თქვენს ოჯახში თავიანთი გზებით, თავიანთი დანიშნულებით. არ არის აუცილებელი მათ გააგრძელონ
თქვენი საქმე, მათ თავიანთი მისია აკისრიათ და თქვენ უნდა შეუქმნათ ყველანაირი პირობა
რომ შეძლონ განვითარდნენ იმ მიმართულებით...
შალვა ამონაშვილი
10 მცნება მშობელთათვის...
1. ნუ ელოდები, რომ
შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც
მას უნდა.
2. ნუ დააყვედრი ყველაფერს,
რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს
სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.
3. სხვის ჯავრს ბავშვზე
ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ
მოიმკი, რასაც დასთეს.
4. ნუ გაქვს აგდებული
დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც
შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.
5. არ დაამცირო.
6. არ დაგავიწყდეს,
რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან
ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.
7. ნუ დაიტანჯავ თავს
იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის
ცოტა იქნება.
8. შვილი – ეს არ არის
ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი,
რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”,
ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.
9. გიყვარდეს უცხო
ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.
10. გიყვარდეს შენი
შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და
გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან დროებითაა"
ჩარლი ჩაპლინის წერილი შვილს
ჩემო გოგონა, ახლა
ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი.
სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე,
თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე,
ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში.
დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში
თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული
ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი
მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.
მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ
თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე
მამაშენის ხმას.
მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა!
მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!… იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან?
სულ პაწიას ზღაპრებს გიყვებიდი! – ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას.
ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:
“გამშორდი! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან!” მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა.
ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე
ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: “ხედავთ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ
ჩარლის რომ ეძახდნენ?
” ჰო, მე ჩარლი ვარ!
ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი,
შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის.
გაფრინდი, გაფრინდი იქით… მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება
– ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით
ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში,
შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს,
ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: “ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე
გაგიცნობს?
” შენ არ მიცნობ მე,
ჯერალდინა… იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს
მიამბია… ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის
ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი,
ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ
რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე
სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად
ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.
შენ ჩემი გვარისა ხარ
– ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი
რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო, სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის
და მუსიკის საუფლო როდია!…
… ჯერალდინა! შუაღამისას
იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ
არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს
და იმის ფულიც არა აქვთ, რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი
და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას
კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე!
დროდადრო მეტროში ჩადი.
ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე!
და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: “მეც ერთ-ერთი ამათთაგანი ვარ!” დიახ,
შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს
უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები
მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს
მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს – შენსავე მსგავსთ,
შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ
ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი, აბა, კარგად
დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ?
გამოტყდი, ჩემო გოგონა.
ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს.
და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლესათვის
უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს… ჩარლი წავა,
ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან
ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს
რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე
სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება.
საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ
გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა… ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი
ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო
გოგონა… ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს
იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ
და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა
სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ
ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის.
იცოდე, ყველაზე დიდი
ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის. ხოლო, როცა
ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული… სამუშაო ძნელი გაქვს,
ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება
შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე…
მე ბებერი ვარ და ჩემი
სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული
იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.
რა ვუყოთ მერე, თუ
ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ
ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ
ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო…
მე ვიცი, მამებს და
შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ
მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს,
რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი,
ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა!
ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე
მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ.
შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში
სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ
მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.
გკოცნი, ჯერალდინა
შენი ჩარლი
დედა ტერეზა გვირჩევს, როგორ აღვზარდოთ ბავშვი:
1) იყავით ყურადღებით
იმის მიმართ თუ რას ეუბნებით ბავშვებს. უფროსები არასაკმარისად აკონტროლებენ თავიანთ
გამონათქვამებს, როდესაც ბავშვებს ესაუბრებიან. ზოგიერთი ბავშვს უნიჭოს, სულელს და
ზარმაცს ეძახის. ამით უფროსები, როგორც მშობლები, ასევე აღმზრდელებიც, ხშირად ღუპავენ
ბავშვებს. ბავშვები ექცევიან ამის გავლენის ქვეშ და რამდენიმე ხანში მართლაც ხდებიან
მოუხერხებლები, ზარმაცები და ნიჭის გამოვლენაც უჭირთ.
2) არ შეაშინოთ ბავშვები
ურჩხულებით, მგლებით და პოლიციით. ეს არ გახდის ბავშვს არც ჭკვიანს და არც კეთილს.
3) აღზარდეთ ბავშვები
ისე, რომ მისცეთ უნაკლო მაგალითი. ბავშვებს არ უყვართ დარიგებები და ნოტაციების კითხვა,
მათ სურს დაინახონ თქვენი საქციელები და არა უბრალოდ მოისმინონ თქვენი სიტყვები.
4) ნებისმიერ შემთხვევაში
ეცადეთ, იყოთ თქვენს სიმაღლეზე ბავშვების თვალებში. არ გამოააშკარაოთ მათ თვალწინ თქვენი
სისუსტეები და ნაკლი. როდესაც მშობლები უშვებენ იმას, რომ ბავშვი მათ სისუსტეს ხედავს,
პატარები იწყებენ ნერვიულობას და ორიენტაციას კარგავენ, რადგან მათ მეტი არავინ არ
ჰყავთ, ვისაც დაეყრდნობიან ან ვისი იმედიც ექნებათ. ბავშვს, რომელიც თავს გრძნობს პატარად
და სუსტად, სურს, რომ ყავდეს დამცველი და ის იყოს მისი ურყევი ავტორიტეტი.
5) ბავშვი ეძებს მშობლებისგან
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. თუ სახლში ბავშვი ხდება მშობლებს შორის ჩხუბისა
და კამათის მოწმე, მშობლებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ისინი შვილის კარგად აღზრდას შეძლებენ.
როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი მამა ან დედა არასწორად იქცევა, ის თავს დაკარგულად
გრძნობს და მეამბოხე ხდება. ეს არის მიზეზი უამრავი ტრაგედიისა ოჯახში და საზოგადოებაში.
6) სჯობს არასოდეს
სცემოთ ბავშვი. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ის მართლაც იმსახურებს ცემას, პატარა მორტყმა
მას ნამდვილად არ ავნებს, მაგრამ იყავით ფრთხილად! არასოდეს არ დასაჯოთ ბავშვი, თქვენი
სიბრაზის დროს. ასე ბავშვს მეხსიერებაში დაუტოვებთ სიძულვილის, სიბრაზის შთაბეჭდილებას
და არა სამართლიანობის შეგრძნებას. ბავშვის სწორი აღზრდისთვის საჭიროა, ბავშვი გრძნობდეს,
რომ თქვენ სამართლიანი ხართ, როდესაც მას სჯით.სწორედ ამიტომ, თუ თქვენ მაინც გიწევთ
ბავშვის დასჯა, თქვენი მზერა არ უნდა გამოხატავდეს სიბრაზეს და მტრობას: მას მალე დაავიწყდება
დარტყმაც და სახეში გაწნაც, მაგრამ არასოდეს დაავიწყდება თქვენი გამომეტყველება სიძულვილითა
და სიბრაზით სავსე. ბავშვის დასჯა უნდა იყოს განპირობებული არა იმით, რომ თქვენ ამოგეწურათ
მოთმინება, არამედ იმის სურვილითა და მცდელობით, რომ ბავშვმა გაიგოს, წესები მისივე
საკეთილდღეოდ არსებობს და მან ის უნდა დაიცვას.
7) ბავშვები უსაზღვროდ
უნდა ენდობოდნენ და ემორჩილებოდნენ საკუთარ მშობლებს. ეს არის ერთ–ერთი ძირითადი წესი
ბავშვის სწორი აღზრდისა მოსიყვარულე და მეგობრულ ოჯახში. ასე იქცეოდა იესო ნაზარეთში,
როდესაც 30 წლის განმავლობაში თავის მშობლებს ემორჩილებოდა.
ბილ გეთსის რჩევები
1. ცხოვრება უსამართლოა, შეეჩვიე ამას.
2. ადამიანებს არ აინტერესებთ
თქვენი თვითშეფასება. ისინი შედეგებს ელოდებიან გინდაც არ იყოთ დარწმუნებული საკუთარ
თავში.
3. ნუ გექნებათ სკოლის
დამთავრებისთანავე წელიწადში $60 000 წლიური შემოსავლის მიღების იმედი. შენ ვერ გახდები
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი მხოლოდ იმის გამო, რომ "კარგი ბიჭი" ხარ. შენ
ეს უნდა გამოიმუშავო.
4. ფიქრობ რომ შენი
მასწავლებელი ძალიან მკაცრია? გვერდიდან შეხედავ საკუთარ თავს, როდესაც თავად გახდები
"ბოსი".
5. ჰამბურგერების მომზადება
და იატაკების წმენდა თქვენ ღირსებაზე დაბლა არ დგას! თქვენი წინაპრები ასეთ სამუშაოს
სხვა გამომუშავების საშუალებად თვლიდნენ.
6. თუ რაღაც არ გამოგივათ
ეს არ იქნება თვენი მშობლების ბრალი. არ არის საჭირო წუწუნი, უმჯობესია შეცდომებზე
ისწავლოთ.
7. თქვენი მშობლები
არ იყვნენ ყოველთვის მოსაწყენები. თქვენ უბრალოდ გეჩვენებათ. ისინი ასეთად თქვენზე
ფიქრში და ზრუნვაში იქცნენ. მანამ სანამ მათ გააკრიტიკებთ, საკუთარი თავით დაიწყეთ.
8. შესაძლოა, თქვენი
სკოლა არ ყოფს მოსწავლეებს ლიდერებად და წარუმატებლებად, მაგრამ ცხოვრება ყოფს. ზოგიერთ
სკოლაში შეიძლება, არ წერენ ცუდ ნიშნებს და აძლევენ მოსწავლეებს მეტის მიღწევის საშუალებას,
მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი ხდება.
9. ცხოვრება არ იყოფა
სემესტრებად. თქვენ არ გექნებათ არდადეგები და თქვენი ხელმძღვანელი საკუთარი თავის
ძიებაში არ დაგეხმარებათ. ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ.
10. რეალური ცხოვრება
შორსაა იმისაგან, რასაც ტელევიზორში აჩვენებენ, სინამდვილეში ყველანი ყოველდღე მუშაობენ
და არა ნებივრობენ.
11. უფრთხილდით და
ნუ დასცინით "წიგნის ჭიებს" - ბოტანიკებს, დიდი შანსია, ისინი თქვენი ბოსები
გახდნენ.
ბენ ჯონსონი - პედაგოგი
და მწერალი
სწავლების პროცესმა,
ზოგჯერ, შესაძლოა, შინაგანი სიმშვიდე და უშფოთველობა დაგვირღვიოს. განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც მოსწავლეები ჩვენს დიდ ძალისხმევას ეწინააღმდეგებიან.
მძიმე სამუშაო დღის
შემდეგ, მე ხშირად, დაღლილი ვენარცხები სკამზე ჩემს სახლში და ვუცქერ კედელზე დაკიდებულ
ჩარჩოში ჩასმულ ნახატს, რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. მასზე გამოსახულია ტბაში მშვიდად
მოცურავე გარეული იხვების წყვილი. ერთი მათგანი მამრია და ნათელი, ფერადი ბუმბული აქვს,
ხოლო მეორე - მდედრი, მუქი ნაცრისფერი ბუმბულით. მიუხედავად ამისა, ორივე მშვიდად და
კომფორტულად ცურავენ ერთად. მსურს, გაგიზიაროთ ზოგიერთი რამ, რაც, გარეული იხვის მსგავსად,
გაკვეთილზე სიმშვიდის შენარჩუნებაში მეხმარება:
ნუ მიიღებთ პირადულად
ზოგი მოსწავლე კლასში
საკუთარი ემოციური ტვირთით მოდის და სულაც არ დარდობს მასწავლებელზე. მათთვის მასწავლებელი,
უბრალოდ, მორიგი ავტორიტეტული ფიგურაა. მიუხედავად იმისა, რომ მე მათ კარგად მოქცევას
ვასწავლი, ხოლო ისინი კი სპეციალურად აკეთებენ საწინააღმდეგოს, უნდა მახსოვდეს, რომ
მოსწავლეები ამით სწორედ ამ ავტორიტეტულ ფიგურას უკუაგდებენ. თუმცა, როდესაც მოსწავლე
ზრდილობიან მოთხოვნაზე უზრდელად პასუხობს, რთულია, გამოვყო "მასწავლებლის"
როლი პირადად ჩემი პერსონისაგან. აღმოვაჩინე, რომ როდესაც მარჯვედ ვარ, შინაგანი სიმშვიდე
უფრო მარტივი შესანარჩუნებელია. ამისათვის, საუკეთესო გზაა, წინასწარ, სანამ მათ სამუშაოს
მივცემ, ჩამოვაყალიბო და ავუხსნა ყოველი ამოცანა და მათი მოსალოდნელი ქცევები. თუ სწორად
აუხსნით, რის გაკეთებას მოელით მათგან, ხოლო მოსწავლეები კვლავ სხვაგვარად მოიქცევიან,
აუცილებლად უნდა ჰკითხოთ, თუ რით შეგიძლიათ დაეხმაროთ, რომ დავალების წარმატებით შესრულება
შეძლონ. თუ ესეც არ გაჭრის, კითხეთ სამუშაოს შეუსრულებლობის მიზეზი და ხელახლა აუხსენით
მისი მნიშვნელობა.
იყავით მომზადებული
ჩემი კარიერის ადრეულ
პერიოდში აღმოვაჩინე, რომ, როდესაც გაკვეთილისათვის სრულად მომზადებული ვარ, სიმშვიდის
შენარჩუნებასაც უფრო მარტივად ვახერხებ. როდესაც მზად ვარ, ვდგები კარებთან, რათა მოსწავლეებს
ღიმილიანად შევეგებო. ამით ვხედავ, თუ როგორ რეაგირებენ ისინი, როგორ ხასიათზე არიან
და ვხვდები, როგორ უნდა დავეხმარო მათ კონკრეტული დღის ნაყოფიერად და წარმატებულად
გატარებაში. კლასში შემოსვლისას მხიარული მისალმებისა და ჩემი პოზიტიური კომენტარების
შემდეგ, თავადაც ცდილობენ, თუნდაც, ცოტათი უკეთესად მოიქცნენ. ოდესმე დაფიქრებულხართ,
რატომ უხდიან ბიზნესმენები ადამიანებს თანხას მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი კართან იდგნენ
და მიესალმონ შემომსვლელებს? ბანკებმა იციან, რომ მიმსალმებლები ერთგვარი უსაფრთხოების
საზომნი არიან, რადგან, ისინი ამცირებენ ინდივიდის ანონიმურობას. მაღაზიებში მცირდება
ქურდობის შემთხვევები და იზრდება ყიდვების რაოდენობა იმით, რომ ვიღაცამ შემოსასვლელთან
სალამის სათქმელად, თუნდაც, სულ რამდენიმე წამით შეაჩერა შემომსვლელები.
იქონიეთ კავშირი მშობლებთან/მეურვეებთან
ხშირად, როდესაც ბავშვი
ურჩია, ან არ მონაწილეობს საკლასო აქტივობებში, მხოლოდ ერთ ზარს მშობელთან შეუძლია,
დიდი ცვლილება გამოიწვიოს მოსწავლის ქცევაში მომდევნო დღეს. როდესაც მშობლებს ბავშვის
არასწორი ქცევების შესახებ ვესაუბრები, ვცდილობ, ვაგრძნობინო მზრუნველობა და არა ბავშვის
საქციელით იმედგაცრუება. ეს, როგორც წესი, ეხმარება მშობლებს იყვნენ არა თავდაცვით
პოზიციაში, არამედ მეტად მონდომებული, რომ საკითხი განიხილონ და გადაჭრან ოჯახურ გარემოში.
ყოველდღიურად დაფიქრდით
და გააანალიზეთ სიტუაცია
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი,
რაც სიმშვიდის შენარჩუნებაში მეხმარება, რათა ვიყო ნაყოფიერი და კარგი აღმზრდელი -
არის მთელი დღის გაანალიზება. სკოლიდან სახლში ქალაქის ავტობუსით ვბრუნდები და სწორედ
აქ ვფიქრობ ყოველივეზე. მგზავრობის ერთი საათის განმავლობაში ვფიქრობ როგორც წარმატებებზე,
ისე იმ საკითხებზე, რომელთაც მეტი მუშაობა სჭირდება მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს.
ვაანალიზებ საკუთარ შეცდომებს და ვცდილობ, ვიპოვო გამოსავალი იმ შემთხვევების გამოსასწორებლად,
როდესაც სიმშვიდის შენარჩუნება ვერ შევძელი. მნიშვნელოვანია, არ დავიტოვო წყენა რომელიმე
მოსწავლის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩემ შინაგან სიმშვიდეს დაარღვევს. ამ
ყოველივეს შემდეგ, მე უკვე შემიძლია დავაწყო ეფექტური გეგმები მომდევნო დღის უკეთესად
წარმართვისთვის.
გარეულ იხვებს რთული
ცხოვრება აქვთ: ჭამენ ხოჭოებს, ცურავენ ცივ წყალში, იტანენ ცუდ ამინდებს, ემალებიან
მტაცებლებს და მაინც, ამ ყოველივეს მიუხედავად, ინარჩუნებენ სიმშვიდესა და უშფოთველობას.
საკუთარ ქცევებზე ფიქრი და გეგმების შედგენამმატებს რწმენასა და თავდაჯერებულობას,
რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ეს კი, მაძლევს დამშვიდების, ოჯახთან და მეგობრებთან
დასვენებისა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას.
თქვენ რა გეხმარებათ
შინაგანი სიმშვიდის მოპოვებასა და შენარჩუნებაში? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება და
რჩევები.
როკის ბაბლოას ცხოვრებისეული
დარიგება შვილს
შეიძლება არ დაიჯერო,
მაგრამ ადრე ხელის გულზე ეტეოდი. მე კი ხელში ამყავდი, რათა დედაშენისთვის მეთქვა:
„ეს ბავშვი მსოფლიოში
საუკეთესო იქნება. საუკეთესო მათ შორის, ვისაც ოდესმე ვიცნობდი.“ შენ მართლაც კარგი
და მშვენიერი ადამიანი გახდი. დიდი სიამოვნება და პრივილეგია იყო ყოველდღიურად შენი
ყურება. შემდეგ ის დროც დადგა, როცა საკუთარი ცხოვრება უნდა დაგეწყო და ასეც მოიქეცი.
მაგრამ ამ გზაზე, შენ შეიცვალე – საკუთარი თავი დაკარგე. შენ ადამიანებს უფლება მიეცი,
სახეზე თითი დაედოთ და ეთქვათ, რომ კარგი არ ხარ. და როცა დაბრკოლებები შეგხვდა სხვების
დადანაშაულება დაიწყე.
ნება მომეცი გითხრა
ის, რაც უკვე იცი. სამყარო მხოლოდ მზის სხივებითა და ცისარტყელებით სავსე არ არის.
ის უფერული და საზიზღარი ადგილია. არა აქვს მნიშვნელობა როგორი მაგარი ხარ,ის წაგაჩოქებს
და ასეც დაგტოვებს, თუ ნებას მისცემ. არც შენ, არც მე და არც სხვა ვინმეს არ შეგვიძლია
მასსავით ძლიერ დარტყმა. თუმცა საქმე იმაში კი არაა, რამდენად ძლიერად არტყამ, არამედ
იმაში, თუ როგორ იღებ დარტყმებს და განაგრძნობ წინსვლას. რამდენ დარტმას მიიღებ და
გზას განაგრძნობ. ასე ყალიბდება გამარჯვება!
და იცი რისი ღირსი
ხარ, წადი და მიიღე, რაც გერგება. მაგრამ უნდა მზად იყო დარტყმებისთვის და თითები არ
უნდა გაიშვირო იმის თქმით, რომ რაღაც არ გამოგივიდა, იმის, ამის ან საერთოდ ვინმეს
გამო.
მხოლოდ მხდალები იქცევიან
ასე, შენ კი მათზე უკეთესი ხარ!
მე ყოველთვის მეყვარები,
მიუხედავად ყველაფრისა. არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდება. შენ ჩემი შვილი ხარ, ჩემი
სისხლი. შენ საუკეთესო რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ვიდრე საკუთარი თავის რწმენა
არ გექნება, ცხოვრებაც არ გექნება.
უმბერტო ეკოს წერილი
შვილიშვილს
''დაიზეპირე'' - ასე
უწოდა თავის საახალწლო მიმართვას შვილიშვილისადმი იტალიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა
უმბერტო ეკომ. შემთხვევით როდი დაურქმევია ეს სახელწოდება - ბარათი მიუძღვნა ყველაზე
მნიშვნელოვანს, რაც ჰქონდა და აქვს ადამიანს - მეხსიერებას. წერილი მართლაც შთამბეჭდავია,
ამიტომაც ვუზიარებთ ჩვენს მკითხველს.- ჩემო ძვირფასო შვილიშვილო, არ მინდა, რომ ეს
საშობაო წერილი მეტისმეტად დამრიგებლურად ჟღერდეს, დე ამიჩისის მსგავსად, გასწავლიდეს
მოყვასის, კაცობრიობის სიყვარულს და მსგავს რამეებს. შენ ამას არც მოუსმენდი (უკვე
დიდი ხარ, მე კი - მეტისმეტად მოხუცი), რადგან ფასეულობების სისტემა იმდენად შეიცვალა,
ჩემი რეკომენდაციები შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს.მაშ ასე, მინდა ერთადერთი რჩევა
მოგცე, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოგადგეს უკვე ახლა, როცა შენს პლანშეტში ხარ
თავჩარგული. არ მოგცემ შენიშვნას, რომ შეეშვა მაგ საქმიანობას, რათა სულელ მოხუცად
არ ჩამთვალო. მით უმეტეს, თავადაც ვიყენებ მას.უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გირჩიო,
ყურადღება არ შეაჩერო ასობით პორნოგრაფიულ საიტზე, რომლებიც სექსუალურ თამაშებს წარმოაჩენენ
ადამიანებს შორის, ადამიანსა და ცხოველებს შორის. არ დაიჯერო, რომ სექსუალური ურთიერთობები
ამ საკმაოდ მონოტონურ ქმედებებამდე მიდის. ეს სცენები იმისთვის არის მოფიქრებული, რომ
შენ სახლში დაგაბან, იმის ნაცვლად, რომ წახვიდე და რეალური გოგონები გაიცნო. ვიმედოვნებ,
ჰეტეროსექსუალი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაციები შენი სიტუაციის შესაბამისად
მიიღე, ოღონდ უყურე გოგონებს სკოლაში და სათამაშო მოედნებზე, მერწმუნე, ისინი სატალევიზიო
პერსონაჟებს ჯობიან და ოდესმე გაცილებით დიდ სიხარულს გაჩუქებენ, ვიდრე გოგონები
''ონლაინ''. დამიჯერე, რადგან მე მეტი გამოცდილება მაქვს (მე რომ მხოლოდ კომპიუტერით
მეყურებინა სექსუალური თამაშებისთვის, მამაშენი არასდროს დაიბადებოდა და არც შენ გაჩნდებოდი
ამქვეყნად).თუმცა მე ამაზე სულაც არ მსურდა შენთან საუბარი, არამედ დაავადებაზე, რომელმაც
შთანთქა შენი და წინამორბედი თაობა, რომელიც უკვე უნივერსიტეტებში სწალობს. მე მეხსიერების
დაკარგვაზე გელაპარაკები.მართალია, რომ თუ მოისურვებ იმის გაგებას, ვინ არის კარლ დიდი
ან სად მდებარეობს კუალა-ლუმპური, შეგიძლია მარტივად დააჭირო ღილაკს თითი და მაშინვე
შეიტყო ყველაფერი ინტერნეტიდან. გააკეთე ეს, როცა დაგჭირდება, მაგრამ როდესაც საჭირო
ცნობებს მიიღებ, ეცადე, მათი შინაარსი დაიხსომო, რათა მეორედ არ ეძებო, როცა ეს ცოდნა
კიდევ დაგჭირდება, მაგალითად, სკოლაში. იცი რა არის ცუდი? იმის შეგრძნება, რომ კომპიუტერს
ნებისმიერ მომენტში შეუძლია გასცეს პასუხი შენს შეკითხვას, გიქრობს სურვილს, ინფორმაცია
დაიმახსოვრო. ამ მოვლენას შემიძლია შემდეგი შედარება მოვუძებნო: როდესაც ადამიანი შეიტყობს,
რომ ერთი ქუჩიდან მეორემდე შეიძლება ავტობუსით ან მეტროთი მისვლა, რაც ძალიან მოსახერხებელია,
როცა გეჩქარება, რასაკვირველია, გადაწყვეტს, რომ აღარ არის აუცილებელი, ფეხით იაროს.
მაგრამ თუ შენ სიარულს შეწყვეტ, გადაიქცევი ადამიანად, რომელიც იძულებული იქნება, ინვალიდის
ეტლით გადაადგილდეს. ო, ვიცი, რომ სპორტით ხარ დაკავებული და შეგიძლია საკუთარი სხეულის
მართვა, მაგრამ დავუბრუნდეთ შენს ტვინს.მეხსიერება შენი ფეხების კუნთებს ჰგავს. თუ
მათ გავარჯიშებას შეწყვეტ, ის მოდუნდება და შენ (ოღონდ არ გეწყინოს) იდიოტად გადაიქცევი.
გარდა ამისა, ჩვენ ყველას გვემუქრება სიბერეში ალცჰაიმერის დასნებოვნების საშიშროება
და ამ უსიავონების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა, გამუდმებით ვავარჯიშოთ ჩვენი
მეხსიერება.აი, როგორია ჩემი რეცეპტი. ყოველ დილით ზეპირად ისწავლე რომელიმე მოკლე
ლექსი, როგორც ჩვენ ბავშვობაში გვთხოვდნენ ხოლმე. შეიძლება, მეგობრებთან ერთად შეჯიბრება
მოაწყო, ვის აქვს საუკეთესო მეხსიერება. თუ პოეზია არ მოგწონს, შეგიძლია, საფეხბურთო
კლუბების შემადგენლობა დაიმახსოვრო, მაგრამ არა მხოლოდ რომის საკლუბო გუნდის მოთამაშეების
სახელები უნდა იცოდე, არამედ სხვა გუნდებისაც, ასევე მათი შემადგენლობა გასულ წლებში
(წარმოიდგინე, მე მახსოვს ტურინის კლუბის მოთამაშეების სახელები, რომლებიც სუპერგის
მთაზე ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ: ბაჩიგალუპო, ბელარინი, მაროზო და ა.შ.). შეეჯიბრეთ
ერთმანეთს იმაში, თუ ვის ახსოვს უკეთ წაკითხული წიგნების შინაარსი, ახსოვთ თუ არა შენს
ამხანგებს სამი მუშკეტერისა და დარტანიანის მსახურთა სახელები (გრიმო, ბაზენი, მუშკეტონი
და პლანშე)... და თუ არ გინდა ''სამი მუშკეტერის'' წაკითხვა (თუმცა შენ არც კი იცი,
რას კარგავ ამით), მსგავსი თამაში შეგიძლია მოიგონო იმ წიგნისთვის, რომელიც წაიკითხე.ეს
თამაშს ჰგავს, ჰო, ეს თამაშია, მაგრამ დაინახავ, შენი თავი როგორ შეივსება პერსონაჟებით,
ამბებით და სრულიად განსხვავებული მოგონებებით. მკითხავ, ოდესღაც რატომ უწოდებდნენ
კომპიუტერს ელექტრონულ ტვინს. იმიტომ, რომ ის ჩაფიქრებული იყო შენი (ჩვენი) ტვინის
მოდელის მიხედვით, მაგრამ ადამიანის ტვინს გაცილებით მეტი კავშირი აქვს, ვიდრე კომპიუტერს.
ტვინი ეს ისეთი კომპიუტერია, რომელიც ყოველთვის შენთან არის, მისი შესაძლებლობები განივრცობა
გავარჯიშების შედეგად, შენი სამაგიდო კომპიუტერი კი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ
სიჩქარეს კარგავს და რამდენიმე წელში სულაც გამოსაცვლელია. აი, ტვინს კი შეუძლია,
90 წლამდე გემსახუროს, და ოთხმოცდაათი წლისას, თუ ტვინს გამუდმებით ავარჯიშებ, გაცილებით
მეტი რამ გეხსომება, ვიდრე ახლა. თანაც, ტვინი უფასოა.კიდევ არსებობს ისტორიული მეხსიერება,
რომელიც არ არის დაკავშირებული ფაქტებთან შენი ცხოვრებიდან, ან იმასთან, რაც შენ წაგიკითხავს.
ის იმ მოვლენებს ინახავს, რომლებიც შენს დაბადებამდე მოხდა.როდესაც დღეს კინოთეატრში
მიეშურები, აუცილებლად ფილმის დაწყებამდე უნდა მიხვიდე. როცა ფილმი იწყება, მაშინაც
თითქოს სულ ხელს გკიდებენ და გიხსნიან, რა ხდება. ჩემ დროს შეიძლებოდა, კინოთეატრში
ნებისმიერ მომენტში მისულიყავი, ფილმის შუალედშიც კი. უამრავი მოვლენა მომხდარა შენს
მისვლამდე და გიწევდა იმის წარმოსახვა, თუ რა მოხდა მანამდე.როცა ფილმი თავიდან იწყებოდა,
შესაძლებლობა გქონდა გენახა, სწორი იყო თუ არა შენი რეკონსტრუქცია. თუ ფილმი მოგწონდა,
შეგეძლო დარჩენილიყავი და ხელახლა გენახა. ცხოვრება მაგონებს ფილმის ყურებას ჩვენს
დროში. ჩვენ იმ მომენტში ვიბადებით, როცა უკვე მრავალი მოვლენა მომხდარა ასობით ათასი
წლის განმავლობაში და მნიშვნელოვანია იმის გაგება, მაინც რა მოხდა ჩვენს დაბადებამდე.
ეს იმისთვის არის საჭირო, რომ უკეთ მიხვდე, რატომ ხდება დღეს ამდენი ახალი მოვლენა.დღეს
სკოლას ალბათ აქვს ვალდებულება, გასწავლოს ის, რაც შენს დაბადებამდე მოხდა, მაგრამ
ეს მას ცუდად გამოსდის. სხვადასხვა გამოკითხვით დასტურდება, რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ,
საუნივერსიტეტომაც კი, რომელიც 1990-იან წლებშია დაბადებული, არ იცის, ან იქნებ, არც
უნდა, იცოდეს, რა ხდებოდა 1980 წელს, რომ აღარაფერი ვთქვათ 50 წლის წინანდელ მოვლენებზე.
სტატისტიკა მეტყველებს, რომ როდესაც ახალგაზრდებს ეკითხებიან, ვინ არის ალდო მორო,
ისინი პასუხობენ, რომ იგი ''წითელ ბრიგადებს'' მეთაურობდა, არადა, სწორედ ამ იატაკქვეშა
მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციის წევრებმა მოკლეს.''წითელი ბრიგადების'' მოღვაწეობა
ბევრისთვის საიდუმლოდ რჩება, არადა ისინი სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ იდგნენ პოლიტიკურ
სცენაზე. მე 1932 წელს დავიბადე, ათ წელიწადში მას მერე, რაც ხელისუფლებაში ფაშისტები
მოვიდნენ, მაგრამ ვიცოდი, ვინ იყო პრემიერ-მინისტრი რომში გამართული მარშის დროს. შეიძლება,
ფაშისტურ სკოლაში მიამბეს მასზე, რომ აეხსნათ, რა სულელი და ცუდი იყო ის მინისტრი,
ფაშისტების მიერ ჩანაცვლებული. დაე ასე იყოს, მაგრამ მე ვიცოდი ეს. თუმცა სკოლას თავი
დავანებოთ. დღევანდელმა ახალგაზრდობამ არ იცის ოცი წლის წინანდელი კინომსახიობების
სახელები, მე კი ვიცოდი, ვინ იყო ფრანჩესკა ბერტინი, რომელიც ჩემს დაბადებამდე ოცი
წლით ადრე თამაშობდა მუნჯ კინოში. იქნებ, იმიტომ ვიცოდი, რომ ჩვენი სახლის სხვენზე
დაყრილ ძველ ჟურნალებს ვფურცლავდი. შენც გთავაზობ ძველი ჟურნალების თვალიერებას, რადგან
ეს დაგეხმარება იმის გაგებაში, რა ხდებოდა შენს დაბადებამდე.მაგრამ რატომ არის ასე
მნიშვნელოვანი, იცოდე შორეული წარსულის მოვლენები? იმიტომ, რომ ხშირად მსგავსი ცოდნა
გვეხმარება დღევანდელი მოვლენების მსვლელობის გაგებაში და ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე,
როგორც საფეხბურთო გუნდების შემადგენლობის ცოდნა, მეხსიერების გამდიდრებაში გვეხმარება.დაიმახსოვრე,
რომ შენ შეგიძლია ავარჯიშო შენი მეხსიერება არა მხოლოდ წიგნებისა და ჟურნალების დახმარებით,
არამედ ინტერნეტის დახმარებითაც. ის არა მხოლოდ იმისთვის არის გამოსადეგი, რომ მეგობრებთან
იყბედო, არამედ მსოფლიო ისტორიის შესასწავლადაც. ვინ არიან ხეთები და კამიზარები? რა
ერქვა კოლუმბის სამ გემს? როდის გადაშენდნენ დინოზავრები? ჰქონდა თუ არა საჭე ნოეს
კიდობანს? რა ერქვა ხარის წინაპარს? ასი წლის წინ მეტი ვეფხვი იყო თუ ახლა? რა იცი
მალის იმპერიაზე? ვინ გიამბო მის შესახებ? ვინ იყო ისტორიაში მეორე პაპი? როდის შეიქმნა
მიკი მაუსი?შეკითხვების დასმა შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო, და ისინი შესანიშნავ
თემებად იქცეოდა კვლევისთვის. ეს ყველაფერი უნდა გახსოვდეს. დადგება ის დღეც, როცა
დაბერდები, მაგრამ იგრძნობ, რომ ათასობით ცხოვრება გაგივლია, თითქოს ვატერლოოს ბრძოლაში
მიგიღია მონაწილეობა, იულიუს ცეზარის მკვლელობას დასწრებიხარ, იყავი იმ ადგილას, სადაც
იყო ბერტოლდ შვარცი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას აზავებდა ოქროს მისაღებად, შემთხვევით
კი დენთი მოიგონა და ცაში აიწია (ასე უნდა მაგას!). ხოლო შენი სხვა მეგობრები, რომლებიც
არ იზრუნებენ მეხსიერების გამდიდრებაზე, მხოლოდ ერთ, საკუთარ ცხოვრებას გაივლიან, მონოტონურსა
და დიდ ემოციებს მოკლებულს.ჰოდა, ასე, გაიმდიდრე შენი მეხსიერება და ხვალ ზეპირად დაისწავლე
ჩვნი საზოგადოების
უმრავლესობა, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე თუ ვინ არის
პასუხისმგებელი ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე, პასუხობს - ოჯახი და სკოლა.
დიდი წილი ამ პასუხისმგებლობისა,
რა თქმა უნდა, ოჯახზეა, თუმცა, უმნიშვნელოვანესი როლი ბავშვის აღზრდისა და პიროვნებად
ჩამოყალიბების საკითხში სკოლას აკისრია. არადა, სკოლასა და ოჯახს შორის ურთიერთობა
ფორმალურ ხასიათს არ ცდება და უმრავლეს შემთხვევაში ღრმა კრიზისშია შესული.
შეუძლებელია აღზრდის
პრობლემების ოჯახში და აღზდის პრობლემების სკოლაში ცალ-ცალკე განხილვა და გადაწყვეტა,
რადგან ორივე შემთხვევაში ერთ პიროვნებასთან გვაქვს საქმე და პრობლემის გამომწვევი
მიზეზიც ერთია.
თანამედროვე სკოლას,
რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, როგორც განათლების პოლიტიკის, ორგანიზაციული თუ პროფესიული
განვითარების კუთხით, აუცილებელია ქონდეს სოციალურ პროექტები და აქტიურად მუშაობდეს
მასზე, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი, მოსწავლესთან ერთად, მშობელთან ურთიერთობასა
და თანამშრომლობას უნდა ეკავოს. მშობლის გარეშე, ამ შემთხვევაში, პარტნიორის გარეშე,
რომელიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს, ვერ მიიღწევა სათანადო შედეგი, რადგან
მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, წარმოუდგენელია ჩვენი ინტერესების რეალიზაცია
და სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა.
აღზრდის საკითხებში
თანამედროვე სკოლასა და ოჯახს შორის ბევრი საპირისპირო შეხედულებები არსებობს; მასწავლებლები
უკმაყოფილოები არიან ოჯახის პედაგოგიური კულტურის დაბალი ხარისხითა და უყურადღებობით
ბავშვის აღზრდისა და განათლების მიმართ. თავის მხრივ, მშობლები, მასწავლებელთა პროფესიონალიზმს
უჩივიან, ხშირად კი გადამეტებულ აღმზრდელობით იდეალიზმს, რაც მათი აზრით, რეალურ
ცხოვრებასა და ყოფას უპირისპირდება. ასეთი ტიპის დამოკიდებულებებს, იქამდე მივყავართ,
როცა მშობელი და სკოლა პარტნიორები კი არა ოპონენტები და კონკურენტები არიან, ეს კი
ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის აღზრდის პროცესზე.
სოციალური აღზრდის
აუცილებლობა სასკოლო პროცესში
სკოლაში ბავშვის აღზრდა
და მოქალაქედ ჩამოყალიბება სამ ძირითად პროცესში ხდება:
1. საგაკვეთილო პროცესის
დროს - გაკვეთილზე, წრეებზე, სექციებზე და ა.შ.
2. სკოლის საზოგადოებრივი
ცხოვრების დროს - სკოლის თვითმართველობასა და სამეურვეო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის
დროს, სკოლის კლუბებში გაწევრიანების დროს და ა.შ.
3. არასასკოლო ღონისძიებებსა
და აქტივობებში - ოლიმპიადებში, კონკურსებში, გაცვლით პროგრამებში, საქველმოქმედო აქციებში
და ა.შ. ასეთ ვითარებებსა და სიტუაციებში მოსწავლე ყველაზე მეტად აღიქვამს საკუთარ
თავს საზოგადობის ნაწილად.
ჩვენს შემთხვევაში,
უპირატესობას ყოველთვის საგაკვეთილო პროცესს ანიჭებენ და თან ყურადღება მხოლოდ საგანმანათლებლო
ასპექტებზე მახვილდება.
საგაკვეთილო დომინირების
დაძლევას სკოლაში და აღმზრდელობითი პროცესის სოციალური ასპექტით დაბალანსებას, უპირველესად
სკოლაში პოზიტიური სამოქალაქო მაგალითების განმეორება უწყობს ხელს, რაშიც დემოკრატიული
ინსტიტუტების ანალოგიების არსებობა იგულისხმება. სამწუხაროდ, მასწავლებლები ასეთ პროექტებს
უნდობლობით ეკიდებიან და დროის ფუჭ ხარჯვად აღიქვამენ.
ფაქტია, თუ სკოლა პრობლემების
მოგვარებას სოციალური აღზრდის პრინციპებით გადაწყვეტს, ის ყოველთვის მოძებნის აღზრდისა
და განათლების ნამდვილ ამოცანებს, აუცილებელ რესურსებსა და პარტნიორებს. ხოლო, ასეთი
ფორმის ურთიერთობებსა თუ დამოკიდებულებებში, რა თქმა უნდა, ყველაზე ახლო პარტნიორი
ყოველთვის ოჯახი იქნება.
თანამშრომლობა
ჩვენი დაკვირვებით,
მშობლებს აღმზრდელობით სფეროში სკოლასთან თანამშრომლობა რამოდენიმე ასპექტით აინტერესებთ:
შეიძინონ ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური
ცოდნა და უნარები ("ცოცხალი" და არა წიგნებით ან სახელმძღვანელოებით);
გააუმჯობესონ ურთიერთობა
შვილთან;
გაამყარონ საკუთარი
ავტორიტეტი.
ნაყოფიერი და წარმატებული
თანამშრომლობისთვის კი აუცილებელია:
საინტერესო და კომფორტული
გარემოს შექმნა, დიალოგისა და დისკუსიისთვის;
თანამშრომლობის ძირითად
საკითხებსა და ინტერესებზე შეთანხმება;
იურიდიული და ნორმატიული
ბაზის შექმნა საგანმანათლებლო ორგანიზაციის დონეზე (ეთიკის კოდექსებსა და შინაგანაწესზე
დაყრდნობით);
სოციალური თანამშრომლობის
მმართველობითი სისტემის ფორმირება;
პარტნიორული პროექტებისა
და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება.
ურთიერთობების ახალი
ფორმები
განვიხილავთ მშობლებთან
მუშაობისა და ურთიერთობის ერთ მაგალითს, რომელიც არ არის ადაპტირებული ჩვენს სკოლებში:
პედაგოგიური განათლების
კურსები მშობლებისთვის
ასეთი ფორმის თანამშრომლობა
ემსახურება მშობელთა ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ განათლებას. კურსების ორგანიზება სკოლის
ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს და მასში უნდა ჩართოს წარმატებული, გამოცდილი და
აქტიური მასწავლებლები. კურსების მეშვეობით მშობლები აუცილებელი აღმზრდელობითი უნარ-ჩვევებით
აღიჭურვებიან, მიეცემათ ინფორმაცია ასაკობრივ და სხვა ფიზიოლოგიური პრობლემების, ასევე,
ელემენტარული პედაგოგიური მიდგომების, მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ.
მოსწავლეთა ასაკის
მიხედვით კურსების პროგრამას შეიმუშავებენ პედაგოგები, სასურველია, თუ დაგეგმვაში
გამოცდილ ექსპერტებსაც დავიხმართ. კურსის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა სახის
ფორმატის გამოყენება, როგორიცაა: ლექცია, საუბრები, კონფერენცია, პრაქტიკული სამუშაო
და დისკუსია.
ლექცია
მასწავლებელი /აღმზრდელი/
დამრიგებელი მშობლებთან შეხვედრისას აანალიზებს და განიხილავს ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ
პრობლემებსა და საკითხებს, მიზეზებს სხვადასხვა გამოვლინებებისა, პრობლემების მოგვარებისა
და პრევენციის ხერხებს, ოჯახური აღზრდის შესაძლებლობებსა და წესებს.
ლექციის მოსამზადებლად
გასათვალისწინებელია მისი სტრუქტურა, მიზანი და დანიშნულება. უნდა შედგეს გეგმა, სადაც
ჩამოვაყალიბებთ იდეებს, ფაქტებს და სტატისტიკას. ლექციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა
აქცენტი გაკეთდეს ოჯახურ აღზრდაზე. ლექციის წარმართვის მეთოდი დიალოგია, ხოლო თემატიკა
უნდა იყოს მრავალფეროვანი და მშობლებისთვის აქტუალური, მაგალითად:
"ასაკობრივი თავისებურებანი";
"რა არის თვითშეფასება
და თვითაღზრდა";
"ინდივიდუალური
მიდგომები და მეთოდები ოჯახურ აღზრდაში";
"ფიზიოლოგიური
მომწიფების ასაკი" და ა.შ.
დისკუსია
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო
ფორმა პედაგოგიური კულტურის ასამაღლებლად. დისკუსიას ის განმასხვავებელი ნიშანი აქვს,
მრავალი სხვა სამუშაოსგან განსხვავებით, რომ იძლევა საშუალებას, პრობლემის განხილვაში
ყველა მხარე ერთნაირად იყოს ჩართული. ხდება იდეათა გენერირება და ყველა აქტიურად მონაწილეობს
ფაქტებისა და ინფორმაციის ანალიზში.
დისკუსიის წარმატება
დიდ წილად დამოკიდებულია მის მომზადებასა და სწორ დაგეგმვაზე. დაახლოებით ერთი თვის
წინ მონაწილეებმა უკვე უნდა იცოდნენ დისკუსიის თემა და საჭირო ლიტერატურის დასახელება,
რომლებიც დისკუსიაში მონაწილეობის დროს დაეხმარებათ. დისკუსიის დროს ყველაზე საპასუხისმგებლო
ნაწილია დავის სწორად წარმართვა, ამ ტიპის სამუშაოს დროს, ბევრ რამეს განაპირობებს
წამყვანი (ფასილიტატორი). ფასილიტატორი შეიძლება იყოს პედაგოგიც, მშობელიც ან მოწვეული
ექსპერტი.
აუცილებელია, რომ რეგლამენტი
წინასწარ იყოს დათქმული და გათვლილი. ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ ყველა მონაწილეს,
შევთავაზოთ და დავუსაბუთოთ საკუთარი პოზიცია. ბოლოს დისკუსია უნდა შეჯამდეს და გაკეთდეს
ანალიზი. ასეთი შეხვედრის მთავარი პრინციპია - მოვუსმინოთ და პატივი ვცეთ ყველა მონაწილის
შეხედულებებსა და აზრს.
დისკუსიის თემა შეიძლება
იყოს ოჯახური და სასკოლო აღზრდის ყველა სადავო საკითხი, მაგალითად:
"ვის მეტი პასუხისმგებლობა
აკისრია- ოჯახს თუ სკოლას?";
"მოსწავლის მშობლისა
და სკოლის განსხვავებული შეფასება";
"სწავლის ხელისშემშლელი
მიზეზები". და ა.შ.
კონფერენცია
პედაგოგიური განათლების
ფორმა, რომლის დროსაც განვიხილავთ, ვაჯამებთ და ვიღრმავებთ ცოდნას ბავშვის აღზრდის
შესახებ. კონფერენცია შეიძლება იყოს სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის, ასეთი ტიპის
ღონისძიება ტარდება წელიწადში ერთხელ, რადგან მას რთული მოსამზადებელი სამუშაოები უძღვის
წინ და მშობლების აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს, ხოლო მშობლებს ხშირად აქვთ დროის
დეფიციტი.
ძალიან წარმატებული
და ნაყოფიერია, თუ სკოლა კონფერენციის პარალელურად ორგანიზებას გაუწევს სხვა ტიპის
ღონისძიებებსაც (გამოფენებს, წარმოდგენებს, საზოგადოებრივ და სოციალურ აქციებს და
ა.შ.), რაც კვირეულის ფორმატითაც შეიძლება განხორციელდეს. მომხსენებლები შეიძლება
იყვნენ მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და მოწვეული ექსპერტები.
კონფერენციის თემატიკა
უნდა იყოს კონკრეტული და მიმართული ამა თუ იმ აქტიური პრობლემის განსახილველად, ყურადღების
გასამახვილებლად ან გადასაჭრელად, მაგალითად:
"თამაში ბავშვის
ცხოვრებაში";
"მორალური აღზრდის
ასპექტები";
"ეკოლოგია და
ბავშვის გარემო";
"ბავშვთა ჯანმრთელობის
პრობლემები";
"ტექნოლოგიები
ბავშვის ცხოვრებაში" და ა.შ.
ასევე, საინტერესო
იქნება, კონფერენციის ჩატარების წინ მშობელთა გამოკითხვა ჩავატაროთ და გავიგოთ ის საკითხები,
რომელთა განხილვის შემთხვევაში მშობლები ინტერესით ჩაებმებიან ასეთი ტიპის ღონისძიებაში.
პრაქტიკული სამუშაო
ასეთი ფორმის სამუშაო
ხელს უწყობს მშობლების პედაგოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავებას, და რთული სიტუაციების
დროს სწორი პედაგოგიური გადაწყვეტილების მიღებას, და მოქმედებას. პედაგოგიურ-პრაქტიკული
სამუშაოს ფარგლებში, მასწავლებელი ურჩევს მშობელს რთული სიტუაციებიდან ან აღზრდის დროს
წარმოქმნილი პრობლემების დროს გამოსავლის გზებსა და გადაწყვეტის ხერხებს, რამაც უნდა
განავითაროს და დადებითი ზემოქმედება მოახდინოს მშობელსა და ბავშვს შორის, სკოლასა
და ბავშვსა თუ მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობებს.
პრაქტიკული სამუშაოს
ფარგლებში შესაძლებელია, მშობელი დავისწროთ გაკვეთილებზე, ჩავატაროთ მასთან ინდივიდუალური
შეხვედრები ან ვეწვიოთ შინ.
მამის როლი ბავშვის
კოგნიტურ და ემოციურ განვითარებში
სოციოლოგი, Dr.
David Popenoe ერთ-ერთი პიონერია ამ ახლი დარგის მკვლევართა შორის. მისი თქმით, მზრუნველ მამებს აქვთ დადებითი გავლენა
შვილებზე და მისი შეცვლა სხვა ადამიანს არ
შეუძლია. მზრუნველად განიხილებიან მამები, რომლებიც ცხოვრობენ შვილებთან ერთად და შეძლებისდაგვარად
მეტ დროს ატარებენ ბავშვებთან- მათთან თამაშობენ,
კითხულობენ და ასე შემდეგ. მამებთან თამაშის
დროს ბავშვები ივითარებენ ფიზიკურ და კოგნიტურ თვისებებს, ხოლო დედასთან ვერბალურს.
კვლევების თანახმად, ბავშვებს, რომლებსაც ჰყავთ
მზრუნველი მამები გამოირჩევიან უფრო მაღალი
IQ-თი, უკეთესი ლინგვისტური და კოგნიტური შესაძლებლობებით. პირველ კლასელ
ბავშვებს, რომელთაც ჰყავთ მზრუნველი მამები უფრო ადვილად ძლევენ სკოლის სტრესს.
მამის როლი უმნიშველოვანესია ასევე
ბავშვების ემოციური განვითარების თვალსაზრისითაც- მზრუნველი მამების შვილები თანაკლასელებთან
ამყარებენ მეგობრულ კავშირს, არიან ნაკლებად აგრესიულები და კონფლიქტურები. ბიჭები,
რომლებიც მამების გარეშე ცხოვრობენ ახასიათებთ მორალთან დაკაშირებული პრობლემები როგორიცაა-
დადგენილ წესებთან შეუგუებლობა, უჭირთ ჩადენილი
დანაშაულის აღიარება. (Hoffman, 1971).გოგონებს, რომლებიც მამის გარეშე ცხოვრობენ ახასიათებთ სიცრუე და არ განიცდიან
სინდისის ქენჯნას ცუდი საქციელის გამო, ვერ
ხედავენ მკაფიო ზღვარს ცუდსა და კარგს შორის.
(Parke, 1996;Mott et al., 1997). შვილებთან ურთიერთობას და მათ აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას პოზიტიურ გავლენა აქვს თვით მამებზეც: ეს სძენს
მათ მეტ თვითდაჯერებულობას, ფსიქოლოგიურ სიმწიფეს. ასეთი მამები
არიან უფრნ კარგი მეუღლეები, თანამშრომლები, მოქალაქეები.
ჭაბუა ამირეჯიბი –
ეს წერილი თვრამეტისას წააკითხეთ თქვენს ბალღებს
ჩემო პატარა ბატონებო
და ქალბატონებო!
ბატონობით მოგმართავთ,
რადგან სულ ცოტა ათი არისტოკრატიული გვარისა და ბატონთა მოდგმისანი ხართ.
ოთხმოცისა გიტოვებთ
ამ წერილს თქვენი პაპა და პეპერა მზეჭაბუკ (ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი და თავს მოვალედ
ვთვლი, ზოგი რამ გირჩიოთ:
წარმომავლობა დიხსენეთ.
სწორედ ეს უნდა იყოს პირველმიზეზი იმისა, რომ ამპარტავნობისკენ კი არა, თავმდაბლობის
, მიმტევებლობისა და სიყვარულისკენ უნდა მიიდრიკოს თქვენი ხასიათი, სიცოცხლისა და სამყაროსადმი
დამოკიდებულება.
მთავარი მაინც ის არის,
რომ თქვენ მხოლოდღა დედ-მამისა და ბებია-პაპების ნაშიერი კი არა, ქართველი ერის შვილები
ხართ ისევე, ყოველი ქართველი მამულიშვილი – ერისა , რომლის უანგარო სამსახურს შეალიეს
თავისი სიცოცხლე ჩვენ წინაპართაგან ურჩეულესებმა. უნდა იცოდეთ და ყოველი მნიშვნელოვანი
ნაბიჯის გადადგმისას ითვალისწინებდეთ, რომ ხალხი, როგორც ფენომენი, მხოლოდღა დღესდღეობითი
ნაწილია იმ მარადიულობისა, რასაც ქართველი ერი ჰქვია, ხოლო ერის საწყისი და ძირითადი
ბირთვი ოჯახია, რაიც თავად თქვენც უეჭველად უნდა შექმნათ და იმრავლოთ, რათა ხსენებული
მარადისობა უზრუნველჰყოთ. ეს თქვენი წმინდათაწმინდა ვალია!
სამშობლოში თქვენი
ოჯახის ელჩი და სახე უნდა იყოთ, სამშობლოს გარეთ თქვენი ერის სინდისი და ღირსება.
უნდა ეცადოთ, არავინ
გძულდეთ. სიძულვილი ბოროტებას ბადებს. მტრისაც კი პატივისცემა გმართებთ, რადგან იგი
თქვენში მებრძოლს აყალიბებს.
ჩინური ანდაზაა –
„თუ გინდა იდგე – სულ უნდა ირბინო“. იგულისხმება განუწყვეტელი მოქმედება. ასეთები იყვნენ
თქვენი წინაპრები, მათ შორის თქვენი პაპები და პეპერები. იმ დროისთვის როცა ამ წერილს
წაიკითხავთ, უკვე გეცოდინებათ, რას მიაღწიეს მათ მოღვაწეობის სხვადასხვა დარგებში და
იცოდეთ, ყოველივე იმის წყალობით იყო, რომ სულ დავრბოდით. ახლის ძიება, მოქმედება და
აღსრულება უყო ჩვენი სიცოცხლის აზრი და დევიზი.
ყოველივე ადამიანი
(მათ შორის თქვენც), უპირველესად ყოვლისა, საკუთარი შესაძლებლობების ჯამი და ყულაბაა.
შესაძლებლობები კი კაპიტალია. კაპიტალს ასეთ ნიადაგში ჩაბანდება ურჩევნია, საიდანაც
მეტი ამონაგები ექნება.
დააკვირდით, ვინ მეტი
მოიმკა, ვინც საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობაში ჩააბანდა, თუ მან, ვინც მამულიშვილობაში,
სამშობლოს სამსახურში, ერის, ადამიანისა და მშვენიერების სიყვარულში ჩაიფერფლა? იფიქრეთ
ამაზე, გამოიტანეთ დასკვნა და ისე აირჩიეთ თქვენი „სირბილის“ ასპარეზი.
იმედს ვიტოვებ, რომ
ღირსეულად გასწევთ თქვენი წინაპრების დამსახურებათა, თავდადებისა და უკვდავი სახელების
საამაყო ჭაპანს იმ ოთხი სათნოებით მათ ჩვენ – თავის ჩამომავალთ, რომ გვიანდერძეს –
ვაჟკაცობით, სამართლიანობით, თავშეკავებითა და გონიერებით.
დანარჩენს საკუთარი
ცხოვრებისეული გამოცდილება შეგძენთ.
სამშობლო უწინარეს
ყოვლისა!
თქვენი პაპა-პეპერა
– ჭაბუა
განვითარების ყველაზე
კრიტიკული პერიოდი – მოზარდობის ხანა
განვითარების ყველაზე
კრიტიკული პერიოდი – მოზარდობის ხანა ფსიქოლოგია 0
მოზარდობის ხანა –
ერთგვარი ხიდია ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. იგი 10-11-დან 15-16 წლამდე ასაკს
მოიცავს და შესაბამისად, უმცროსი და უფროსი მოზარდობის პერიოდებად იყოფა. (10-11და
14 წლამდე – უმცროსი მოზარდობა, ხოლო 14-დან 16 წლამდე – უფროსი მოზარდობა). გარდამავალ
ასაკში ადამიანი შესამჩნევ ცვლილებებს განიცდის.
მოზარდში უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური, ფიზიკური,
სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური ძვრები ხდება. მე ყურადღებას გავამახვილებ აღნიშნული ასაკისთვის დამახასიათებელ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა ადამიანის
პიროვნებად ჩამოყალიბება, ზნეობრივი ცნობიერების ფორმირება და ამ პროცესში მშობლის
შეუფასებელი როლი. ამ თვალსაზრისით, გარდამავალი
ასაკი ძალიან ფაქიზი, საპასუხიმგებლო პერიოდია. სწორედ ამ დროს იწყება მე-ს კონცეფციის, ცნობიერების განვითარება/ჩამოყალიბება.
ჩნდება შინაგანი სამყაროსადმი დიდი ინტერესი, საკუთარი განწყობებისა და გრძნობების
გაგების სურვილი. ასევე ვითარდება იდეალები, გრძნობები, საზოგადოებრივი მისწრაფებები,
სოციალური შეფასებები და ინტერესები, რაც პიროვნების მიმართულებისა და ღირებულებითი
ორიენტაციის საფუძველს წარმოადგენს.
მორალური წარმოდგენების
ფორმირება, ზნეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბება მოზარდობის ასაკის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური
მახასიათებელია. ამ პერიოდიდან მოზარდი თავისი შეხედულებებით, მრწამსით, მორალითა
და ინდივიდუალური ღირებულებებით ხელმძღვანელობს. ცდილობს გახდეს მეტად სოციალური, გაითავისოს
ნორმები და საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად იქცეს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა
ეს მცდელობა არასასურველი შედეგით მთავრდება. ამის მიზეზი მოზარდის ჯერ კიდევ ასოციაური
თვისებები, ჩამოუყალიბებელი ცნობიერება და იდენტურობის პრობლემაა. ამ ყველაფერს
კი მოზარდის თვითშეფასებაზე დამანგრეველი ეფექტის მოხდენა შეუძლია. გასათვალისწინებელია,
რომ ამ ასაკის ადამინებს საკუთარი თავის არასწორი, დამახინჯებული აღქმა ახასიათებთ.
შესამჩნევია უკიდურესი დამოკიდებულელებიც, რომლებიც დღის განმავლობაშიც კი შეიძლება
რამდენჯერმე შეიცვალოს. ზოგჯერ მათ საკუთარი ინდივიდით უკმაყოფილება, თავში ჩაკეტვა,
თვითგვემა სჩვევიათ, ან პირიქით – საკუთარი თავის მეტისმეტი განდიდება, ძლიერი ეგოცენტრიზმი
და ნარცისიზმიც კი იჩენს თავს. ეს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები, ბუნებრივია,
შინაგანი აგრესიის გაღვივებასა და გარშემომყოფებთან კონფლიქტის დაწყების საწინდარია.
იმისთვის, რომ ამ პერიოდისთვის
დამახასიათებელმა პრობლემებმა ნაკლებად იჩინონ თავი, აუცილებელია მშობლის მაქსიმალური
ჩართულობა შვილის აღზრდის საკითხში. მოზარდისთვის სასიცოხლოდ საჭიროა, რომ მას ჰყავდეს
ავტორიტეტი, იდეალი, ვისაც რჩევას დაეკითხება, მიბაძავს და იმავე ღირებულებების მატარებელი
გახდება. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს რეალობაში მოზარდი იდეალად ხშირად არარსებულს, ან
მისი გარემოსთვის შესაბამისს, სამეგობროს მიერ
ატაცებულ „ღირსებებით“ შემკულ თანატოლს ირჩევს. პიროვნების ნორმალურად ჩამოყალიბებისთვის
კი სასურველია, რომ მისაბაძად მშობელი იქცეს. ასეთ შემთხვევაში, გოგონებისთვის დედა
ხდება ეტალონი, ბიჭებისთვის კი – მამა. თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია და მას როგორც
ზოგადი ემოციური ფონი, ასევე მშობელთან მსგავსება-სიხლოვისა და ინტერესების კვეთის
ფაქტორი განსაზღვრავს.
აუცილებელია, რომ ამ
ასაკის შვილებთან ურთიერთობისას მშობლებმა შემდეგი რჩევები გაითვალისწინონ:
1) ხელი შეუწყონ მოზარდი
შვილების დამოუკიდებელი აზროვნების უნარს, დაინტერესდნენ მათი მოსაზრებებითა და გაითვალისწინონ
ისინი;
2) მოექცნენ თანატოლებივით,
ისწავლონ მათი მოსმენა და არ ეცადნონ მათ აღზრდას მაშინ, როცა თვითონ არიან უგუნებოდ;
3) დააინტერესონ მოზარდები
შემეცნებითი აქტივობებით, გაუზარდონ მათ სწავლისადმი მოტივაცია;
4) ესაუბრნონ მომავალზე;
არ გამოიყენონ მკაცრი ტონი, ხშირად მოიშველიონ საკუთარი მაგალითები.
დღევანდელ რეალობაში
დიდ პრობლემასა და დავის საგანს წარმოადგენს მოზარდისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების
საკითხი. საჭიროა დამოუკიდებლობის ისეთი ფორმების
პოვნა, რომლებიც შეესაბამება მოზარდის შესაძლებლობებს, მისდამი წაყენებულ საზოგადოებრივ
მოთხოვნებსა და ნორმებს. ის დამოუკიდებლობა კი, რომლის მიღებასაც ხშირად მოზარდი ითხოვს,
შეიძლება დამღუპელიც აღმოჩნდეს და დიდი დაღი დაასვას მის მომავალს. თუმცა წვრილმანი,
მოსაწყენი ზედამხედველობისგან გათავისუფლება
მისი პიროვნებად განვითარებისთვის გასათვალისწინებელი საკითხია.
სასურველია, მშობელმა
იზრუნოს შვილში მაღალი ზნეობრივი ნორმების, იდეალების სწორად ფორმირებისა და სიბრალულის
გრძნობის, სინდისის ქენჯნის, თანაგრძნობის, ჰუმანურობისა და სხვა მორალური ღირებულებების შთაგონებისთვის.
და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს,
რომ მშობლისა და შვილის ურთიერთობის საზრისი სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ნდობა,
პატივისცემა და სიყვარული.
Комментариев нет:
Отправить комментарий