ევროპა
ჩემთვის არის....
“სული
საზღვარს გადასცდება ფრენით“
-“ეს გზა ტაძართან მიგვიყვანს?“ - კითხულობს ცნობილი
ქართული კინოფილმის დასასრულს მოხუცი ქალბატონი.
-“ეს ვარლამის ქუჩაა და ის ტაძართან არ მიგიყვანთ“,
- სინანულით პასუხობს მას მეორე, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა ქალბატონი.
-“ მაშ რა საჭიროა ეს გზა. რის მაქნისია გზა, თუკი იგი
ტაძართან არ მიგიყვანს? “- გაბრაზებული და გაოცებული კითხულობს პირველი პერსონაჟი.
“ვარლამის“ გზამ, რომელიც თავის დროზე ბევრი ქართველის
სისხლის ფასად დამკვიდრდა საქართველოში, ქვეყანას ბედნიერება და ვერც კეთილდღეობა ვერ
მოუტანა, რადგან ის არ ითვალისწინებდა უპირველეს
ბედნიერებას -თავისუფლებას!
ხოლო ყველა გზა ბედნიერებისაკენ, თუკი ის თავისუფლების
შეზღუდვაზე გადის, უშედეგო და უკან დახევა უფროა, ვიდრე წინსვლა და განვითარება.
ევროპა
ჩემთვის თავისუფლებაა! აბსოლუტური, ლაღი, მრავალფეროვანი თავუსუფლება,
რომელიც, თავისთავად, აღვირახსნილობისგან რადიკალურად განსხვავებულია და გარკვეულ ჩარჩოებს
გულისხმობს, მანამ, ვიდრე მას, როგორც სრულყოფილების ნიმუშს მიაღწევ და შეიცნობ.
წესრიგი, საკუთარი თავისადმი უზომო მოთხოვნილება და
სხვისი ღირსებისა და თავისუფლების დაცვა აბსოლუტურ თავისუფლებამდე მისასვლელი გზის
უპირობო მოთხოვნებია.
ბევრნაირი გზა გამოიარა ჩემმა ქვეყანამ, ბევრი ვაი და
უბედურება. მთელი ჩვენი ისტორია ხომ საკუთარი მიწის, ენისა დ სრწმუნოების დაცვაა. დიახ,
ჩვენ, საკუთარი თავის გადარჩენზე ორიენტირებულმა ერმა, დავკარგეთ მთავარი, - თავისუფლების
შეგრძნება. იყო ომები და გმირობები. მოტყუება თანამეგობრობაში, უფროსი ძმის მარწუხები,
რომელიც დღემდე გვიჭერს და გვახრჩობს. მტერმაც გვჟლიტა და ერთურთიც ვჟლიტეთ. ამიტომაც
ავცდით იმ მთავარს, ადამიანებს ბედნიერებას რომ ანიჭებს, ერს სიმშვიდეს აძლევს და მსოფლიოს
ნაწილად წარმოაჩენს.
ევროპა
ჩემთვის ის ღირსებაა, რომელიც გჩუქნის დაცულობის შეგრძნებას, გიჩვენებს, რომ მასზე
სალაპარაკო დრო და სივრცე აღარ დარჩა, რადგან ის არის უპირობო აუცილებლობა, გზა გადარჩენისკენ,
შეიძლება ერთადერთიც!
როცა პატარა ვიყავი და ჩემები აფხაზეთზე ან სამაჩაბლოზე
საუბრობდნენ, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ვერ ვიაზრებდი, რამდენი კილომეტრი იყო ომამდე,
რამდენი იყო ეს მანძილი, სად ისროდნენ, ან როგორ იხოცებოდნენ ადამიანები, რამდენს იწონიდა
ის ზიზღი, ადამიანებს ერთმანეთის მოკვლისკენ რომ უბიძგებდა. დღეს მიკვირს, როგორ გაუძლეს
ადამიანებმა ამ საშინელ ეიფორიას, ქვეყანაში, სადაც რაღაცნაირ აბსტრაქტულ მცნებებად
იქცა სიტყვები: სამშობლოს სიყვარული, სიმამაცე, მოვალეობა, ბედისწერა...
გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება საოკუპაციო
ხაზთან მისვლაა, ძალიან მინდა მივიდე, ხელით შევეხო, ვნახო, წარმოვიდგინო, გავიცნობიერო,
რომ ჩემს ქვეყანას დღესაც ეომებიან, რომ ჩვენი მშვიდი ცხოვრება მოჩვენებითია, სინამდვილეში
კი ომი ჩუმად, უხმაუროდ, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, რომ ჩემი ქვეყანა ყოველდღე ვიწროვდება,
პატარავდება, და ჩვენ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რა უძლურები ვართ დამპყრობლის წინაშე.
ევროპა
ჩემთვის ღირსების დაბრუნებაა, მშვიდობა და უსაფრთხოებაა, საკუთარის დაბრუნების სწავლაა,
გზაა დაბრუნებისაკენ!
ევროპა
ჩემთვის ქართველობაა, სიამაყეა, განცდა, რომ შენ ხარ ქართველი და გქვია საქართველოს
მოქალაქე!
უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს, უამრავი მაგალითი
იმისა, თუ როგორ მოვედით დღემდე. ყველაფერი ეს იძლევა საშუალებას მოვახდინოთ ერთგვარი
ანალიზი სოციალური თუ პოლიტიკური ფაქტორებისა, რომლებიც ჩვენს დღვანდელ ცხოვრებაზე
ზემოქმედებენ.
მცდელობები
ევროპისაკენ ნაბიჯის გადადგმისა უძველესი დროიდან მოდის. სულხან-საბას მცდელობაც ხომ
ამის ნათელი მაგალითია, თუმცა... როგორც მუხრან მაჭავარიანი იტყოდა, ამითი ხომ “არა
გამოვიდა რა“...
ზოგადად, საზოგადოება რთული, ზნეობრივი და ცოცხალი სტრუქტურაა,
რომელიც აერთიანებს პრინციპებს: ადამიანი, ოჯახი და მოქალაქეობრივი საზოგადოება. ამ საზოგადოების წევრებად მიიჩნევიან
ინდივიდები, რომლებიც თავიანთი იდეებით, ქმედებებითა და ფასეულობებით ამდიდრებენ ამ
რთულ, მუდმივად ცვალებად სტრუქტურას. საზოაგადოებრივი აზრი მუდმივად იცვლება, რაღაცას
კარგავს და რაღაც ახალს იძენს. მაგრამ ზოგადი ჭეშმარიტება, სრულყოფილებისაკენ სწრაფვა
და ძლიერი სახელმწიფოს შექმნის მცდელობა მაინც უცვლელი რჩება. ძველიდან ვითარდება ახალი,
მეტიც, ძველი ახალ გამოხატულებას, ახალ სახეს იძენს და განაგრძობს არსებობას!
ამ
უცვლელ, მარადიულ აზრებში მოიაზრება ევროპისაკენ სწრაფვა, რომელიც დასაბამს საუკუნეების
წინ იღებს და დღესაც აგრძელებს ახალი საშუალებებით “ტაძართან მისასვლელი გზის“ ძიებას
და მათ დღევანდელობასთან, აწმყოსთან შეთავსებას.
რა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ამ გზაზე:
მხოლოდ
სწავლის, განათლების გზით არის შესაძლებელი ჭეშმარიტებამდე და სინათლემდე მისვლა, როგორც
დიდი ილია გვასწავლის, სწავლა “ანთებული სანთელია“.
სწორედ ამ სანთლით უნდა ვიაროთ ევროპისაკენ, რათა გავხდეთ სრულიად მსოფლიოსთვის მისაღები
და საინტერესო.
კიდევ იმიტომ, რომ გარკვეული ღირებულებების შეცნობისას,
აუცილებელია არა მხოლოდ მათი გააზრება, არამედ კარგად გათავისებაც და შემდეგ ამ ღირებულებებით
ცხოვრება, მათი რეალობაში გადატანა და განხორციელება, საზოგადოების აქტიურ ცხოვრებაში
შეტანა.
ევროპა
ჩემთვის განათლებაა, ცოდნაა, რომელიც შენივე ქვეყნის კეთილდღობისთვის უნდა დაიხარჯოს.
მემკვიდრეობით მიღებული ცოდნა და სიმდიდრე გვეძლევა
იმისთვის, რომ შემდეგ ეს ცოდნა კი არ ჩავკეტოთ საკუთარ თავში, არამედ ვიბრძოლოთ მის
წარმოსაჩენად და გავუზიაროთ იგი სხვებს, ირგვლივ მყოფ ადამიანებს. დიდმა მოაზროვნეებმა
დათესეს თესლი, რომელიც წლების, საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ღვივდებოდა მაგრამ
არ, უფრო სწორად, ვერ ვითარდებოდა! თუმცა იდეა განაგრძობდა სრულყოფასა და აღმოცენებას.
და უკვე დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ნაყოფის მომკაზეც.
ისტორიის ყველა
დროის, ყველა ნაწილში იჩენდა და იჩენს თავს გმირობა. რომ არა საოცარი გმირობისა და
თავგანწირვის თვალსაჩინო მაგალითები, მხოლოდ პატრიოტიზმის თავის თავში ჩაკეტილი იდეა,
ვერ იქნებოდა გათავისებული ყველა თაობისა და ეპოქის მიერ, მას უბრალოდ არ ექნებოდა
აზრი და დაეკარგებოდა ყოველგვარი ფასი და მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი
წარსულით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რას და როგორ გავაკეთებთ აწმყოში.
მსოფლიო ჩვენი
საერთო სახლია. კარჩაკეტილობა, ან მხოლოდ ინდივიდუალიზმზე საუბარი ვერ გაგხვდის საერთო
სახლის ღირსეულ წევრად.
ცალმხრივობა ვერ მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე და ის თავადაც
არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. არც ერთი მუსიკალური, ცალკეული ბგერა არ არის ისეთი სრულყოფილი,
როგორც გამა, რომელიც წარმოადგენს ბგერათა ჰარმონიულ ერთობლიობას, ურთიერთშერწყმას.
ასევე მხატვრობის მაგალითზეც, ფერთა მაგალითზეც შეიძლება ითქვას, როგორც შვიდი ფერისაგან შემდგარი ცისარტყელა ბადებს
სრულყოფილების საოცარ შეგრძნებას, ვერც ერთი ცალკეული ფერი ვერ მიაღწევს ასეთ ესთეტიკურ
სილამაზეს და ვერ იქცევა ჭეშმარიტებად.
ჩვენს ყოფას სილამაზესა და საინტერესოობას ერთიან სივრცეში
გასვლა შესძენს, მაგრამ აღრევა და ფასეულობების
დაკარგვა კი არ უნდა მოხდეს, არამედ საკუთარი ღირსების, საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნება
და ჩვენი წარსულით, მართლაც საამაყო ლიტერატურისა თუ ხელოვნების სხვა დარგების წარმოჩენითა
და გაზიარებით.
მხოლოდ იმის გაგება, რომ წინაპართა აზრი, იდეები დიდებული,
სრულყოფილი და სამაგალითოა, არ არის საკმარისი, თუ ეს აზრი ისევ არ იქნა ხორცშესხმული
და თავიდან დაბადებული, ახლიდან შთაგონებული და უკვდავყოფილი.
ცალმხრივ ცოდნას იღებს ადამიანი იმ სიტყვებისგან, რომელიც
სადღაც ამოიკითხა და რომელიც მოისმინა, თუ ამ სიტყვას ის თავად არ იზიარებს და თავადვე
არ წარმოთქვამს, თუნდაც მცირე სახეცვლილი და განვითარებული სახით. ცალკე, განმარტოებით
მდგარი, განდეგილად ქცეული, თუნდაც განსწავლული, მაგრამ ჩაკეტილი პიროვნება ვერ შექმნის
საზოგადოებას და ვერ იქცევა საზოგადოებად, მაგრამ თუ ინდივიდი შევა თავისი ცოდნით და
ახალი სიტყვით საზოგადოებაში ან ბრბოში და მის ამაღლებაზე იზრუნებს, მასში განმანათლებლის
როლს ითამაშებს, ის თავად იქცევა ნამდვილ, სამაგალითო პიროვნებად! საზოგადოების წევრად
და მის შემქმნელ, მამოძრავებელ და კომპონენტად
ქცეულ რგოლად.
ლიდერი,
რომელიც სწორ გზაზე სწორად და გასაგებად შეგვაგრძნობინებს “ტაძრისაკენ მიმავალი გზის“
ხიბლსა და აუცილებლობას, ასევე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია დაჩქარებული სვლისთვის.
გავიხსენოთ ნიცშეს ზეადამიანი, რომელიც არა მხოლოდ იღებს
ან ითვისებს ცოდნას და მის ხელთ არსებულ ფასეულობებს, არამედ ანგრევს მათ და ამ ნანგრევებიდან
აღმოცენებული ახალი, განმანათლებელი სიტყვით შედის საზოგადოებაში, იბრძვის მის ასამაღლებლად.
ის არ კმაყოფილდება ცოდნით. ის ბედნიერია ცოდნის გაცემით, გაზიარებით და მაგალითად
ქცევით.
თუნდაც თოლია ჯონათან ლივინგსტონი. ცაში ამაღლებული
იგი კვლავ მიწაზე დაცემას არჩევს, რათა სხვებსაც გაუკვალოს გზა ზეცისკენ.
სამოქალაქო
ცნობიერების ამაღლება, სურვილი იმისა, რომ სხვებსაც გავაგებინოთ არჩევანის სისწორე
და შესაძლებლობა ამ სურვილების ასრულებისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისაკენ
სწრაფვისთვის.
ჩვენ ვიღებთ იდეალებს ძველზე დაყრდნობით და ახალი გაგებით.
კანონის ზეპირად ცოდნას და მის ჭეშმარიტებად შერაცხვას აზრი არა აქვს, თუ მას არ დავემორჩილებით,
არ მივიღებთ და მაგალითად არ ვაქცევთ. საჭიროა სიბრძნის, ცოდნის, მორალური და უბრალო
კანონების მიღება, მათი საკუთარ თავში დათესვა და ქმედებით, საღი და გონივრული ქმედებით
მათგან სათანადო ნაყოფის მიღება.
კანონმორჩილება,
წესრიგიანობა ჯერ საკუთარ და შემდეგ სხვა ქვეყანაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული
საკითხია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვესმოდეს.
როგორც ერთ არაჩვეულებრივ ნაწარმოებშია: საკუთარ ქვეყანაში
ჩვენი ოჯახის, სხვა ქვეყანაში კი საკუთარი ქვეყნის დესპანობა გაგვხდის საინტერესოს
უცხო ადამიანებისთვის და მოვიპოვებთ იმ ნდობას, რომელიც ბევრი ჩვენიანის უგუნური საქციელით
ყოველდღიურად გვეცლება ხელიდან.
ადამიანები ერთად ქმნიან საზოგადოებას, რადგან მათი
სულიერი და ხორციელი ბუნებიდან გამომდინარე მათ ცალკე, მარტო არსებობა არ შეუძლიათ!
ხოლო საზოგადოება თავის მხრივ ქმნის სახელმწიფოს, მის სტრუქტურას და მისი განვითარების
დონის მაჩვენებელიც და მიმნიჭებელიცაა.
ევროპა
ჩემთვის პიროვნული პასუხისმგებლობაა!
ევროპა
ჩემთვის დემოკრატიაა! სხვათა უფლებებზე ზრუნვით საკუთარის დაცვა და შენარჩუნებაა, სხვისი
ღირსების აღიარებით საკუთარის წარმოჩენაა, ყველა ადამიანში საკუთარი თავის დანახვაა,
მათი პრობლემების გათავისება და პატივისცემა.
ჩვენში ჯერჯერობით
მხოლოდ დემოკრატიულობის იდეა არსებობს. მხოლოდ იდეა კი არას გვარგებს, თუ მას სიცხადეში
არ მოვიყვანთ.
განსხვავებული შეხედულებებისა და შესაძლებლობების ადამიანთა
პატივისცემას ჯერ კიდევ ბევრი სწავლა სჭირდება, იმისთვის, რომ ევროპისთვის უფრო საინტერესო
და მისაღები გავხდეთ!
ასე რომ, არც მხოლოდ ევროპელობის იდეა, ან სურვილი მიგვიყვანს
ჭეშმარიტებამდე, თუ არ გავითავისებთ, რომ ეს
გზა ჩვენ ყველამ მარტომ უნდა გავიაროთ, რადგან ყველაზე და ამავე დროს ცალ-ცალკე თითოეულ
ჩვენგანზეა დამოკიდებული როგორ ღირსეულად ვზიდავთ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს, ჩვენი
ღირსეული წინაპრების გმირობისა თუ თავდადების ისტორიებს, რას ავიღებთ წარსულიდან, როგორ
წარმოვჩნდებით აწმყოში და რას დავთესავთ სამომავლოდ.
ევროპა
ჩემთვის წესრიგია, სუფთა და მოწესრიგებული გარემოა. ეკოლოგიური ზრდაა.
გზა
ევროპისაკენ ჩემთვის თავისუფლებისაკენ მიმავალი გზაა.
ჩვენ აუცილებლად ვისწავლით თავისუფლების ფასს და მე
მჯერა, რომ ერთხელაც იქნება გავფრინდებით.
მერე?
მერე “სული საზღვარს გადასცდება ფრენით“ და იქ დაიკავებს
ადგილს, სადაც არაფერი ესაქმება “ვარლამის“ გზას და მის მოტანილ განსაცდელებს. სადაც
სიყვარულია, თავისუფლებაა, არა აღვირახსნილი, არამედ სწორი, ნამდვილი და უკიდეგანო!
ევროპა
ჩემთვის მომავალია!
ევროპა
იცდის, ევროპა გველოდება.
ჯერი
ჩვენზეა!
მარიამ გიორგაძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ
გუთურის საჯარო სკოლის X კლასის
მოსწავლე.
Комментариев нет:
Отправить комментарий