ჩემი საკონკურსო ნაშრომი


თაობიდან თაობამდე

ქალების ბედზე თუ უბედობაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა ექოსკოპიურ გამოკვლევაზე მისულს პროფესორმა ტატიშვილმა ჯერ ირიბად შემომხედა, მერე კი ძალიან ყრუ, გაბზარული ხმით მითხრა:
 - თქვენ გოგონა გეყოლებათ!..
და როცა ჩემი აღფრთოვანებული, სიხარულით აცრემლებული და გაფართოებული თვალები დაინახა, ჩემზე არანაკლებად გახარებული ლამის კისერზე ჩამომეკიდა.
-         აქ ხომ გოგოსთვის ძალიან იშვიათად მოდიან, ძირითადად ბიჭები ახარებთ. გოგონები იმთავითვე განწირულები არიან, -  თქვა მან და დანანებით დასძინა: იცი, როგორ მეცოდებიან გოგონები?
საშინლად შემეცოდნენ მეც! რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმის დროსაც სულ „იმ ~ გოგონებზე ვფიქრობდი და ხმამაღლა ვეკამათებოდი ვიღაცას.
 „რა ემოციების ფონზე ვზრდი, რეებს ვასმენინებ ბავშვს“, - ვშფოთავდი და ვფიქრობდი, რომ ჩემი გოგონა ყველაზე ბედნიერი ჩანასახი იყო ამქვეყნად. თუმცა, პატარას ყველაფერი წინ ჰქონდა.  მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ბედნიერი იქნებოდა!
მაინც რა არის ბედნიერება ქართული გაგებით და არიან თუ არა ქართველი ქალები ბედნიერები?
„საერთოდ, ადამიანებს ძალიან უჭირთ ბედნიერების მოშინაურება. ისინი უწვდიან მას ხელს მოსაფერებლად, მაგრამ ის გარბის, მიიპარება და ქრება, როგორც ეფემერული ჩრდილი“ - ეს ჩემი ქალიშვილის ნააზრევია ეროვნულ-საგამოცდო თემიდან, სადაც ის, 18 წლისა, უკვე 2 წლის ქალიშვილის დედაა. გამოცდაზე ის ადრეულ ქორწინებაზე მსჯელობს...
გამოჩენილი იტალიელი მსახიობისთვის ანა მანიანისთვის უკითხავთ: ხართ თუ არა ბედნიერიო,  - თქვენ რას მეკითხებით, ბედნიერება არ არსებობს! - უხეშად უპასუხია მას.
ალბათ, ანა მანიანი იზიარებდა მადამ  დე სტალის აზრს: „დიდება ეს არის ბედნიერებასთან ხმაურიანი და მწუხარე დამშვიდობება~.
და მაინც, რა არის ბედნიერება, ეს რაღაც უცნაური მდგომარეობა სულისა, რომლის განსაზღვრა ფილოსოფოსებსაც კი უჭირთ? ზოგს სჯერა მისი, ზოგს არ სჯერა, ზოგს სჯერა, მაგრამ ცოტათი, ზოგს ძალიან, ზოგს სიგიჟემდე, ვინაიდან ბედნიერებას, როგორც ასეთს,  არ აქვს გარკვეული კონტურები.
ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში მამფორი წერდა: „ბედნიერება ეს არ არის იოლი რამ, ძნელია იპოვო ის შენში და შეუძლებელია - სხვაგან“!.
ლუიზ მიშელი (მე-19 საუკუნე): „საბრალო გიჟებო, თქვენ ეძებთ ბედნიერებას? გირჩევთ გაიაროთ, ბედნიერება არსად არის“.
„ბედნიერება ჩვენთან მირაჟთან არის გაიგივებული, თქვა რომ მიაღწიე მას, ნიშნავს იმას, რომ მაშინვე დაკარგო. ის სულ თანამედროვე ცნებაა. ამიტომ ძნელია მისი სრულად გათავისება, ფაქტიურად, ალბათ შეუძლებელი!“- ესეც ჩემი ქალიშვილია.
სიყვარული, როგორც ის დღეს გვესმის, დასავლეთში მე-12 საუკუნეში გაჩნდა. ბედნიერების განცდა კი კიდევ უფრო გვიან. ჩვენ არც კი ვიცით, გვაქვს თუ არა უფლება მასზე. ჩვენი ტვინის ერთი - რაციონალური ნაწილი გვახსენებს, რომ ისტორია ტრაგიკულია. მაგრამ დღეს, თანამედროვე ეპოქაში, ხომ შეიძლება გაჩნდეს მოთხოვნა ბედნიერებისა ყველასთვის? გაჩნდეს ბედნიერების უფლება. და ჩვენ ვნახავდით, როგორ აღშფოთდებოდნენ ადამიანები, თუ მას ავტომატურად არ მიიღებდნენ. დაიწყებოდა გამოსვლები ბედნიერების მოთხოვნით.
 და დაგვიანებული იქნებოდა გახსენება იმისა, რომ ბედნიერება სევდიანია...
სასაცილოა არა?
გამოსვლები ბედნიერების მოთხოვნით!
არის თუ არა საქართველო მზად იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ბედნიერება თანაბრად ყველასთვის? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ხელისუფლება ხომ იძულებული გახდება წავიდეს დათმობაზე, და ყველა, ყველა ერთნაირად ვიქნებოდით ბედნიერი!
ბედნიერების განცდა... ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ...
არ ვეთანხმები იმათ, ვინც თვლის, რომ სიხარული არის დაბალი ინტენსივობის მომენტი, ტკივილი და წვალება კი წერტილი, სადაც პოულობ საკუთარ თავს. ვფიქრობ, საინტერესოა გადაიხედოს ქართველი ქალების ისტორია ბედნიერების ძიების კუთხით. გავიგოთ,  როგორ მოხდა, რომ უამრავი განსაცდელის მიუხედავად, საქართველოში ყველაზე მყარი ოჯახები არსებობდნენ. ოჯახები, სადაც ბედნიერების ნაცვლად არსებობდა ბედნიერების იდეა, როგორც არსებობის დომინანტური ხაზი.
ულამაზესი ბებია მყავდა. ჭაღარათმიანი, ლამაზი,  დიდი ცისფერი თვალებითა და კიდევ უფრო ლამაზი თითებით. და ამ თვალებში მუდმივად იდგა სევდა. მაშინაც კი, თუ გარშემო რაღაც განსაკუთრებულად კარგი და სასიამოვნო ხდებოდა, ტკივილი არ შორდებოდა თვალებს.  იგი 13 წლისა გაუთხოვებიათ ბაბუაჩემზე და მას შემდეგ ატარებდა ჩემი შეხედულებით მისთვის შეუფერებლად მძიმე უღელს. მე იგი უსაშველოდ მიყვარდა მთელი თავისი ისტორიებით, რომლითაც ის, ბერიძის ქალი მუდმივად ამაყობდა. ნოე ჟორდანიას დისშვილი გახლდათ და ამით თავი მოსწონდა ჩვენთან, ერთი უბრალო გვარის, - სიხარულიძეების შთამომავლებთან.
და ერთხელ, დილით, სამზარეულოში, როცა აქაური და იქაური ამბები მოვილიეთ, უცებ მან მითხრა: არ არსებობს არც ერთი დღე ჩემ ცხოვრებაში, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვიყავი!
მახსოვს, გაოგნებისაგან როგორ ჩამივარდა ენა!
არც ერთი ბედნიერი დღე მთელი სიცოცხლის მანძილზე! რამხელა ტკივილი და სასოწარკვეთა ჩანს ამ განცხადების უკან! - ბებიაჩემის თაობამ ხომ მართლა ასე იცხოვრა, უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახებში, ბედნიერების გარეშე და მუდმივად წვალებით და კიდევ მოლოდინით. მოლოდინით, რომ ოდესმე ბედნიერები გახდებოდნენ. მათი დიდი უმრავლესობა ვერ მოესწრო ამ მოლოდინის აღსრულებას.
 ვერც ბებიაჩემი!
ბებიაჩემისაგან განსხვავებით, შედარებით ბედნიერად გამოიყურებოდა დედაჩემი. მის თვალებში სხვა შიში იდგა. ეს მამაჩემის დაკარგვის შიში იყო! დიახ, ჩემს მშობლებს სიყვარულით შექმნილი ოჯახი ჰქონდათ. და მიუხედავად ამისა, იქ ბედნიერება არ იგრძნობოდა. ამ შემთხვევაში მიზეზი ალბათ ეკონომიკური მდგომარეობა უნდა ყოფილიყო და კიდევ რაღაც, გაურკვეველი თუ არათანასწორი ურთიერთობა.
დედაჩემი ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, ოჯახის უფროსს მუდამ მზად ჰქონდა ტანსაცმელი, საჭმელი. დედამ არასოდეს იცოდა სად იკარგებოდა მამა, სამაგიეროდ, ოჯახის უფროსი ყოველთვის საქმის ყურში იყო სად გადაადგილდებოდა დედა.
და ასე დაუსრულებლად სრულდებოდა ის „მოვალეობები“, რომელიც ქართველ ქალებს საწოლშიც კი გვაკისრია...
დედაჩემის თაობამაც იმ მოლოდინის განცდით იცხოვრა, რომ აუცილებლად მოვიდოდა ის დღე, როცა ბედნიერად იგრძნობდნენ თავს. მათი უმრავლესობაც ვერ მოესწრო,
ვერც დედა!
და როგორ განიცდიან ბედნიერებას ქართველი ქალები დღეს?  უფრო სწორად, ვარ თუ არა ბედნიერი მე. არის ბედნიერება ჩემთვის მხოლოდ ინტიმური სფეროს ნაწილი, თუ საყოველთაო მდგომარეობის ანარეკლი? შეიძლება იყო ბედნიერი, თუ შენი ქვეყანა არ არის კარგად? ალბათ ჩვენ, როგორც ტრაგიკული ქვეყნის ქალებს, განსაკუთრებით ძლიერად გვაქვს დაკავშირებული ერთმანეთთან პირადი და საერთო. ამიტომაც გამომაქვს დასკვნა: არა, არ შიძლება იყო პირადად ბედნიერი, თუ შენთვის ძვირფასი ადამიანები განსაცდელში ცხოვრობენ,  თუ შენი ქვეყნის მთლიანობა დარღვეულია, თუ საზოგადოებაში ურთიერთუნდობლობა და სიძულვილია დასადგურებული, თუ გარშემო უამრავი გამოწვდილი ხელია,  ყოველდღიურად უამრავი სევდიანი თვალი შემოგყურებს, ვიღაცას კლავენ, ვიღაცას ჩეხავენ, და თუ ოჯახშიც ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოგედგინა.
 ამ ყველაფერზე ხომ უნდა დავფიქრდეთ  ოდეზღაც?
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, საკუთარი უფლებების ცოდნა, გარკვევა იმაში, რომ ქალობა არ ნიშნავს იყო მონა, ჯერ კიდევ აქტუალურია. ჩვენში ხომ ტრადიციები ჯერ კიდევ მძლავრობს...
ტრადიციაზე გამახსენდა!
ჩემი მეზობელი ნარი ოცი წლისაა. როცა მასთან სტუმრად მივდივარ, მაშინვე სუფრის გაწყობას იწყებს და ყველაფერს გულითადად მთავაზობს. ის სამი თვის წინ შემოვიდა ამ ოჯახში. ქალ-ვაჟის ოჯახებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილები უნდა დაქორწინებულიყვნენ. ერთი თვის განმავლობაში გოგონა თავის მომავალ მეუღლეს ტელეფონით ესაუბრებოდა, ნახვით კი, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ნახა. ყველაფერი გეგმის თანახმად მოხდა. ასევე მიმდინარეობს დღესაც. ნარი ფეხმძიმედაა და ჩინებულად ცვლის თავის დედამთილს, რომელიც დიასახლისობით დაიღალა და ახლა, რადგანაც უკვე რძალი ჰყავს, ცოტათი ისვენებს.
 ნარი ძალიან ლამაზია. ვინ იცის, იქნებ ბედნიერიც. თუმცა მე, თავისუფალს, გული მტკივა იმის შემყურეს, რადგანაც კარგად ვხედავ, რომ ოცი წლის ნარის სხვა არჩევანი აღარასოდეს ექნება - შინ იქნება და შვილებს მიხედავს.
და ვერასოდეს იგრძნობს, რომ ის მონა გახდა!
ტრადიციასთან დაბრუნება ილუზიური, ქვეცნობიერი სტრატეგიაა, რომელიც, განათლების გარეშე, ბოლოს და ბოლოს, არაფრის მომტანია. ტრადიციის თანახმად ცხოვრება ცუდი როდია, უბრალოდ, არჩევანი თუ არ გაქვს და ყველაფერი ნებაყოფლობით არ ხდება, ქალის ცხოვრება მონობად გადაიქცევა.
მონობაა, აბა კიდევ რა გამოდის, როცა არც გეკითხებიან ისე გირჩევენ საქმროს, როცა უარს ამბობ განათლებაზე, მომავალზე და საკუთარი არჩევანი არ გაგაჩნია? ასეთ დროს არა მგონია  ბედნიერებას ადგილი ჰქონდეს!
რა ელით ქალებს დღეს?
 თანამედროვე მდგომარეობის გათვალისწინებით, საეჭვოა ქვეყანაში ბედნიერება ბევრისთვის იყოს გათვლილი. პერსპექტივაც ფრიად საეჭვო გახლავთ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქალები მთლიანად ოჯახის, შვილების ზრუნვაზე არიან გადაგებულნი და ვეღარ იცლიან იმის საფიქრალადაც კი, რომ მათ საკუთარი, პირადი ბედნიერების უფლებაც აქვთ. ძნელი დასაჯერებელია, რომ  არსებული ბალანსი მალე დაირღვევა და ქართველი ქალების ყოფა დიდად შეიცვლება.
ჯერჯერობით, ქართველი ქალები უფრო წარსულში იხედებიან, ვიდრე მომავალში, რადგან ასე უფრო ადვილია თავის დამშვიდება,-  აწმყოში ხომ შედარებით კარგად ვცხოვრობთ, ვიდრე წარსულში ვიყავით!
ოდესმე, ოდესმე კი, ოდესმე ალბათ ქართველ ქალებსაც ექნებათ ბედნიერება, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ კარგა შორსაა.
წერილი ჩემი ქალიშვილით დავიწყე. არა, ის არ არის ბედნიერი, არც მას გაუმართლა ადრეულმა ქორწინებამ, მე კი მაშინ, როცა ჩანასახობისას ვეფერებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ყველაზე ბედნიერი ჩანასახი იყო, არადა პატარას ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა...
ჩემს ოჯახში ბებიაჩემიდან მოყოლებული იგი მეოთხე თაობაა, რომელიც თავს ბედნიერად არ თვლის! იმედია, მისი ქალიშვილი, ორი წლის ტასიკო მაინც გახდება ბედნიერი!
და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტასო და მისი თაობაც იმავე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როგორშიც ჩემი ბებია ან ჩვენ დანარჩენები? 
ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც  ქალი ზუსტად ისეთ არსებად იქნება მიჩნეული, როგორც მამაკაცი, სადაც გოგონას ჩანასახსაც ისეთივე სიხარულით შეხვდებიან ექიმთან მისული მშობლები, როგორც ბიჭისას, სადაც თოფის გავარდნა არა მხოლოდ ბიჭის, არამედ გოგონას დაბადებასაც ამცნობს ქვეყნიერებას, სადაც გათხოვება და ოჯახის შექმნა არა გეგმის, არამედ შემდგარი ურთიერთობის ფონზე მოხდება, სადაც გოგონების უმრავლესობას უბრალოდ არც მოუნდება ადრეული ქორწინება, რადგან კარგად ეცოდინება, რომ ოჯახის შექმნა მეტად სერიოზული საქმეა და ადრეულ ასაკში მისი დაგეგმვა ყოველთვის ისეთი კრახით დამთავრდება, როგორიც ტასოს დედის შემთხვევაშია მოსალოდნელი. ყველას ეცოდინება, რომ ბედნიერება მართლა წვრილმანებში კი არაა, ბედნიერება მხოლოდ დიდი ბრძოლისა და შრომის შედეგად მოიპოვება, იმ ბრძოლის შედეგად, რომელიც   წინა თაობებმა გადაიტანეს, რათა ჩვენ ბედნიერების ფასი გვცოდნოდა.

და ბოლოს, დღეს  ხშირად ვსაუბრობთ ქალების როლის გაზრდაზე პოლიტიკაში. ჩემი აზრით, პოლიტიკაში ყოფნა არ ნიშნავს აუცილებლად საკრებულოს, ან პარლამენტის წევრობას. პოლიტიკაა, როცა შენს გარშემო არსებულ სიმახინჯეს ხმამაღლა აღიარებ. როცა ვიღაცას ასწავლი, რომ ჩვენ, ქალები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვართ ჩვენი სურვილებით, შესაძლებლობებითა და გრძნობებით და სრულებითაც არ არის აუცილებელი ვიღაცას, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებს ფეხქვეშ გაეგო, გაეთელო,  რომ სიყვარული, თუ ის ურთიერთპატივისცემაზე არ იქნება დაფუძნებული, სატანჯველად გადაიქცევა. სწორედ ამიტომ, როცა პოლიტიკაში ქალთა გააქტიურებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ აქაც ვჩქარობთ, რადგან ჯერ ქალებმა საკუთარი, პირადი ბედნიერება უნდა მოიპოვონ, საკუთარ ოჯახში თავის დამკვიდრება ისწავლონ და მერე... მერე დიდ პოლიტიკაშიც თავისთავად გაჩნდება მათი ადგილი...
მზია სიხარულიძე.
პედაგოგი.

Комментариев нет:

Отправить комментарий