დღესასწაული დედაენის დღე



ანიდან ჰაომდე
ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: როგორ შეძლო ქართველმა ერმა, რომელსაც გამუდმებული ბრძოლა უხდებოდა თავის დასაცავად, ამგვარი დიდებული კულტურის შექმნა, როდის მოიცალა ჯვრისა და სვეტიცხოვლის, სიონისა თუ გელათის ასაშენებლად, როდის მონახა დრო, შეექმნა ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანი მწერლობა. ალბათ პასუხი ერთია: ყველაფერი ეს შედეგი იყო ღვთის წყალობისა და ქართველი კაცის დაუოკებელი სურვილისა, შეექმნა ისეთი რამ, რითაც მთელ მსოფლიოს დააინტერესებდა.
სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს. არაფერი გამოგივა, თუ ფესვები დაკარგე, თუ არ იცი, რა ჯიშის ხარ, საიდან მოსულხარ და რა გადაუტანიათ შენს წინაპრებს იმისთვის, რომ დღეს ქართველი გრქმეოდა.
საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა ჩემთვის ქართველობა. ტკივილით გაჯერებული, რადგან კარგად ვიცი, რომ საუკუნო ბრძოლაში შევინარჩუნეთ ჩვენი რწმენა, ჩვენი მიწა (თუმცა მთლიანად ვერა...), ჩვენი საყვარელი ენა, ენა ქართული და ის შინაგანი გენია, რომლითაც შემოქმედმა დაგვაჯილდოვა.
კაცობრიობამ ხანგრძლივი გზა განვლო ვიდრე დამწერლობის ყველაზე სრულყოფილ სისტემას – ანბანურ ანუ წმინდა ფონეტიკურ დამწერლობას შექმნიდა. ანბანური დამწერლობა საშუალებას იძლევა ზუსტად გადმოსცეს ენის თავისებურებანი, ენის ფენომენი. რაც უფრო უკეთ ახერხებს ამას დამწერლობა მით უფრო სრულყოფილია იგი. მეტყველება კი დამწერლობის ამღერებაა,
გარდამოსული სულიერი მუსიკაა!
“რა ენა წახდესო…”თქვა დიდმა ქართველმა და ჩვენც ამ დამაფიქრებელი, უფრო კი გამაფრთხილებელი ჩაგონების დანიშნულება და მიზანი ათასჯერ გამოგვიცდია. ვინ მოთვლის უკვე როდიდან თავგადაკლულები, კბილებით ვიცავთ უძველესსა და ულამაზესს, დედასავით სანუკვარსა და უსაყვარლესს, უმშვენიერესსა და ტკბილხმოვანს, უმდიდრეს ენას ქართულს. თავს ვწირავთ, სიცოცხლეს ვანაცვალებთ მის შენარჩუნებას და დაფარვას, ვიცით ქართველებმა ჩვენი ენის ძალა და ფასი, მისი დანიშნულება და ღონე, რადგან მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად არნახული შემოტევებისგან გადარჩენილები, დღესაც ქართულად ვსაუბრობთ.
“დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი“. ეს ქართველ კათალიკოსს კირიონს უთქვამს დიდი ხნის წინ.
ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ, უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა "წამებაი წმიდისა შუშანიკისი", მთელ მსოფლიოში უსაჩინოესი "ვეფხისტყაოსანი" და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმინდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.
რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა უდიდესი შინაგანი ძალა, თავისი მოწამეების, განმანათლებლების, პოეტების, მხატვრებისა და თავისი უშიშარი და თავისუფლებისმოყვარე ხალხის სახით. ერთი მთავარი წყაროთაგანი, საიდანაც ქართველები იღებდნენ სულიერ ძალებს - ესაა უძველესი და მადლიანი ქართული ენა, რომელზეც საოცრად მდიდარი ლიტერატურა შეიქმნა, ესაა ენა, რომლის შესახებ ღირსმა მამამ, იოანე-ზოსიმემ, თქვა: "ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს".
მსოფლიოში დაახლოებით სამი ათასი ენაა, ანბანი კი მხოლოდ თოთხმეტი. მათ შორის ერთი უძველესთაგანია ქართული.
და გადაურჩა საუკუნეების შემოტევას ენა ქართული. გაუძლო ოსმალთა და სპარსთა, არაბთა, მონღოლთა, სხვათა გაუსაძლის დაწოლას. სარწმუნოებასა და მამულთან ერთად, ენაც შეინარჩუნეს იბერებმა. თუმცა, გადარჩენა იგი ლამის საბოლოო გაჩანაგებად დაუჯდა ერს. და მაინც, მოუდრეკელი სული, დაუმორჩილებელი გენი ქართველებისა, კვლავაც მზად იყო და შემართული გახლდათ სამი უპირველესი მცნების, კვლავაც სიცოცხლის გაღების ფასად დაცვისთვის. ალბათ, სწორედ ამის გამო იყო მეტი დაკვირვება, მეტის მოთმენა, საუკუნეთა მანძილზე თავსგადამხდარის გათვალისწინება იყო აუცილბელი, საბედისწერო ნაბიჯის გადადგმამდე “ერთმორწმუნე” ჩრდილოეთელის მფარველობის გადაწყვეტილების მიღებამდე. მაგრამ ალბათ, ეს იყო ნება უზენაესისა, ასე დასაჯა ქართველები უკიდურესად დამღუპველი არჩევანის გაკეთებისთვის.
და დაიწყო ქართველთა სარწმუნოებისა და ენის არნახული შეურაცხყოფა და დევნა. ყინულეთიდან შემოჭრილი ბრბო დაუნანებლად, გამიზნულად ბილწავდა და ანადგურებდა ქართული ეკლესია-მონასტრების უბრწყინვალეს აღკაზმულობას, კირითა და ბათქაშით ფარავდა დიდებულ ხელოვანთაგან შექმნილ უმშვენიერესსა და უწმინდეს ფრესკებს, ყველანაირად ავიწროებდა და სალოცავებიდან ერეკებოდა მღვდლებს, ბერებს, მონოზნებს, მრევლს. რუსეთში ეზიდებოდა უძვირფასეს ხატებსა და სარიტუალო ნივთებს. ძაღლის ენას უწოდებდნენ უძველესსა და უმშვენიერეს, ტკბილხმოვან ენას ქართულს, სასტიკად კრძალავდნენ მასზე ლაპარაკს, სწავლა-განათლებას.
ძალამ აღმართი ხნა. ქართული ენის შეგინებამ, მოღალატეთაგან მისმა უარყოფამ და ჩაწიხვლამ არნახულად დააძაბუნა, სარწმუნოების შელახვის უკიდურესმა უიმედობამ მოიცვა ქართველი ერი. სასოწარკვეთილი და იმედდაკარგული ხალხი, თითქოსდა შეეგუა დამპყრობლისგან დადგმული უღლის სიმძიმეს. მომეტებულად, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში იმარჯვა სახეგაშიშვლებულმა, საძულველმა მოძალადემ. სწორედ მაშინ გაისმა ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვა თავდადებული, გულანთებული მამულიშვილების ხმა ენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად, გადასარჩენად. თუმცა, ამაო გამოდგა ერისკაცთა თავგანწირვა სისხლიანი დამპყრობელი, დამონებული და მოღალატე ქართველების ხელით გაუსწორდა გონსმოსულ, თვალახელილ ერს, ხოლო სულიერ მამად და წინამძღოლად აღიარებული ბრძენკაცი, ტყვიით დაადუმა. დიდად დასაღონებელია, რომ ამგვარმა ანგარიშსწორებამ კიდევ უფრო მეტად დააძაბუნა და დააშინა ხმაამაღლებული ქართველობა, იძულებული გახადა კვლავაც მორჩილად შერიგებოდა ვინ იცის, კიდევ რამდენი ხნით რგებულ მწარესა და მძიმე ხვედრს.
მეოცე საუკუნის ოციანი წლების შუა პერიოდში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ხანმოკლე შუალედში, ისევ მიეცა აღორძინებისა და კუთვნილი მისიის აღსრულების შესაძლებლობა გულსატკენად დაწიხლულ ენას იბერთა. ღირსებაშელახულმა, პატივაყრილმა ქართველებმა თავისუფლად შეძლეს მშობლიურ ენაზე მეტყველება, სწავლა. . ქართული საგალობლებით მშვიდდებოდა მრევლი.
დიდხანს აღარ გასტანა ქართველთაგან სულის მოთქმის, ქართული ენის გაცოცხლებისა და აღდგენის ხანამ. “ერთმორწმუნე” დამპყრობელმა ვერაფრით იგუა უმდიდრესი განძის დროებით ხელიდან გაშვება. ცეცხლითა და მახვილით შემოსეულმა მომეტებული ბარბაროსობითა და დაუნდობლობით, მზაკვრულად შენიღბულმა შემოუტია ენას ქართულს, რწმენას მართლმადიდებლურს. ქართველთ მოძულეს, სამუდამოდ სურდა დაევიწყებინა ქართველებისთვის იოანე ზოსიმესგან თქმული:

“დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა”.

საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართული იყო ჩაწერილი. სწორედ მასზე, იმ ფარატინა ფურცელზე მთავრდებოდა უძველესი, უმშვენიერესი ენის ყველა უფლება და ღირსება. სინამდვილეში კი ყველაფერი უფროსი “ძმის” ენას დაქვემდებარებულ დამორჩილებულად კეთდებოდა.  იძულებით თავსმოხვეულმა რუსულმა სწრაფად განდევნა საწარმო დაწესებულებებიდან ქართული და სულ უმნიშვნელო თათბირი თუ შეკრებაც კი მხოლოდ დამპყრობლის ენაზე ტარდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ მწარე სინამდვილეა, რომ ქართული ენის დაუძლურებას, მის აბუჩად აგდებასა და უარყოფას, მასზე მეტყველების სამარცხვინოდ მიჩნევას მხარს უბამდა და ესწრაფოდა მოღალატე კომუნისტურ ხელისუფლებასთან დაახლოებული, მისით დაპურებულპატივმიგებული წითელი საზოგადოება, ქართული ინტელიგენციის სახელს რომ იჩემებდა. სწორედ მათი თანადგომითა და თანხმობით, მათი დანაშაულებრივი ხელშეწყობით მრავლდებოდა საქართველოში ყველაფერი რუსული.

სულ უფრო ცხოველდებოდა საბჭოური იმპერიის ბუნაგში მოკალათებულთა სურვილი და განზრახვა ქართული ენის რაც შეიძლება მალე დაჯაბვნისა, სამუდამოდ გადაგვარება ამოგდებისა.
 და აი, 1978 წელს განახლებული საბჭოური კონსტიტუციიდან, ქართული ენის ამოღება ბრძანეს. ცხადია, ქართველ კომუნისტთა ხელისუფლება უმალ დაემორჩილა მბრძანებლის ნებას, მაგრამ აბობოქრებული ქართველი ერის, ინტელიგენციის ღირსეული ნაწილის, ახალგაზრდობის უმრავლესობის, ეროვნული მოძრაობის თავკაცთა შეკავშირებამ, მათგან გაწეულმა წინააღმდეგობამ და უშეღავათო მოთხოვნამ, ხელი ააღებინა იმპერიიდან წამოსული ბრძანების შესრულებაზე.

სამაგიეროდ, ვერ ისვენებდნენ და გულს ვერ იოკებდნენ, სულიერად და ფიზიკურად ბობოქრობდნენ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში გაერთიანებული მეცნიერებისა და კულტურის, ლიტერატურის, ინტელიგენციის იმ დიდ ნაწილში თავმოყრილი პიროვნებები, ერის საღად მოაზროვნე უმრავლესობა, რომლებსაც ამქვეყნად არსებობა ვერ წარმოედგინათ და არც უნდოდათ სამი უმთავრესი მრწამსის გარეშე. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილს ვერ გადაწონიდა ვერანაირი ოქრო და ვერცხლი, ვერანაირი უზრუნველი და მშვიდი ცხოვრება, ვერანაირი წითელი წოდებები და ტიტულები.

- უპირველესი გულმხურვალე მამულიშვილების, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მრავალწლიანი ბრძოლით მომწიფებული საერთო სახალხო ამოქმედების სამზადისი, სანატრელი მიზნის მიღწევისა და აღსრულების სახეს იღებდა. ოთხმოციანი წლების მიწურული იდგა, სასურველი გამარჯვების, საბჭოთა მარწუხებიდან გამოხსნისა და დამოუკიდებლობის მოპოვების სანუკვარი ჟამი ახლოვდებოდა. ოთხმოცდაცხრა წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია, მას შეწირულ მამულიშვილთა მსხვერპლი, ქართველთა ორსაუკუნოვანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულების ცრემლიანი და სევდიანი წინაპირობა გახდა. აპრილის ამ სისხლიანმა დღემ ერთ, უძლეველ ძალად შეკრა ქართველები და უბედნიერეს დღეებამდე – 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, 1991 წლის 31 მარტამდე, 9 აპრილამდე და 26 მაისამდე მიიყვანა. ტანჯულ-ნაგვემმა საქართველომ სისხლიანი იმპერიის მძიმე უღელი გადაიგდო და თავისუფალი, დამოუკიდებელი გახდა. ქართველებმა მთელი სისრულით შეიგრძნეს თავი საკუთარი მიწა წყლის პატრონებად, ბედნიერ ადამიანებს, ნებით არჩეული პრეზიდენტი და ეროვნული ხელისუფლება ყავდათ.

დაუვიწყარია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ის უტკბილესი და უნეტარესი პერიოდი თითოეული ქართველისათვის. და მარტო მათთვის არა ქართულ მიწაზე მცხოვრებმა სხვა ეროვნების ადამიანებმა მთლიანად გაიზიარეს ქართველთაგან მოპოვებული, გულით გაიხარეს მეორე სამშობლოდ აღიარებული ქვეყნის საზარელი იმპერიის საცეცებისგან თავის დახსნა.
 ხანმოკლე გამოდგა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხანა. თანამდებობა და ძალაუფლებადაკარგულმა წითელმა პირებმა ეროვნულ ხელისუფლებაში ჩაბუდებულმა შენიღბულმა მოქიშპეებმა, კრემლში დაგეგმილ-შემუშავებული საზარელი გეგმითა და კაცთმოძულე რუსული ჯარის მოხმობით შეძლეს სისხლიანი, კრიმინალური გადატრიალების მოწყობა. თბილისის ძველი უბნებისა და გულის დანგრევა გადაბუგვით, თანამოძმეთა დაუნანებელი ჟლეტით, კანონიერი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ქვეყნიდან განდევნით, ისევ დამპყრობელსა და მტანჯველს უბოძეს ჯვარცმული მამული, ისევ რუსული ჩექმის, ჩრდილოელი, “ერთმორწმუნე ძმის” სახე და სახელნაცვალი, ათასგზის შემზარავი იმპერიის საჯეგ სათელად გახადეს იგი.



პროექტი    “დედაო ენავ“
პროექტის მთავარი იდეა :
·       რატომ აღინიშნება დედაენის დღე.
·         რა ვიცით ჩვენი დედაენის შსახებ.
 პროექტის აქტუალობა:  გაეცნონ სხვადაცხვა საზოგადო მოღვაწეს, მათ გამონათქვამებს ქართულ ენაზე. გაიგებენ  რატომ აღინიშნება დედაენის დღე.
 პროექტის მიზანები :   მოსწავლეებმა გაითავისონ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების აუცილებლობა, გაიგონ და დაიმახსოვრონ ისტორიები იმ სახელოვან წინაპრებზე, ვისი დამსახურებითაც შემოვინახეთ სამი საუნჯიდან ერთ-ერთი მთავარი, მშობლიური ენა. ვასწავლოთ მოსწავლეებს პროექტების მომზადება და გამოვუმუშავოთ პრეზენტაციის უნარები.
 მოსწავლეთა ასაკი:    12- 17 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:    7.04 – 14.04
მოსალოდნელი შდეგები;
·         განუვითარდეთ მოსმენის კულტურა, გაეცნონ ენის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ჩვენს წარსულში, გაითავისონ მისი მნიშვნელობა ქვეყნის არსებობისა და მათი პიროვნული განვითარებისა და არსებობის კუთხით, ისწავლონ დამოუკდებელად საპრეზენტაციო ტექსტის მომზადება და პრეზენტაცია.
·         გამოუმუშავდეთ სწორი წერის ჩვევის უნარი.
·         პრეზენტაციის უნარი.
 პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი:  დიდი ფორმატი, მოძიებული მასალა, ილუსტრაციები, მაკრატელი, წებო, ფერადი საღებავები და სკოჩი.
პროექტის მსვლელობა:
დავყოფ მოსწავლეებს  ჯგუფებად, ირჩევენ გუნდის ლიდერებს,
ფუნქციები: ვინ შეარჩევს მოძიებულ მასალას, ვინ ფოტოებს, ვინ გააფორმებს სტენდს,
ვინ უპასუხებს დასმულ კიტხვებს, რომელ პროექტშია ახალი საინტერესო დამატებითი
ინფორმაცია მოძიებული, რომელი წყაროა გამოყენებული.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
·         მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას
·         ემზადება პროექტის წარსადგენად აუდიტორიის წინაშე
·         გაეცნობიან ჩვენი ღირსეული წინაპრების ცხოვრება-მოღვაწეობას ქართული ენის დაცვის კუთხით..
·         გაეცნობიან დედა ენის ძეგლის შესახებ ისტორიას.
·         როგორ შინარჩუნა ქართველმა ხალხმა ქართული ენა.
·         გამოთქვამს და დაასაბუთებს თავის აზრს;
·        იმუშავებს ინდივიდუალურად, ჯგუფურად.
შემაჯამებელ დღეს, ანუ 14 აპრილს მოხდება მომზადებული მასალების პრეზენტაცია.
იმავე დღეს მეც წარმოვადგენ მომზადებულ მასალას “ანიდან ჰაემდე“.

 პროექტის ხელმძღვანელიმზია სიხარულიძე.
სოფელ გუთურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mziasixarulidze@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: mziasixarulidze.blogspot.com
(სურათები).





რეფლექსია
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის აპრილში ჩავატარე დედაენის დღესთან დაკავშირებული კვირეული, რომელშიც ჩართული იყვნენ მეშვიდე მეთორმეტე კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა გაითავისეს მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების აუცილებლობა, გაიგეს და დაიმახსოვრეს ისტორიები იმ სახელოვან წინაპრებზე, ვისი დამსახურებითაც შემოვინახეთ სამი საუნჯიდან ერთ-ერთი მთავარი, მშობლიური ენა. ისწავლეს პროექტების მომზადება და მისი  პრეზენტაცია.

მომზადებული მასალები განათავსეს სკოლის სტენდზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий