სკოლაში
ბულინგი ,,ნუ მა(ი)ძულებ’’
·
სკოლებში სკოლაში
ყველაფერი თითქოს და ერთ ჩვეულებრივ, სხვა დღეებისაგან არაფრით
გამორჩეულ დღეს მოხდა, როცა გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა კლასს კიდევ ერთხელ
გადაავლო თვალი, თვალები მოწკურა და შერჩევის პრინციპით: “შენ, შენ, შენ“ ჩემს მეგობრებს
მეორე დღისთვის სურათების მოტანა დაავალა. სურათები იმ სასკოლო სტენდისთვის სჭირდებოდა,
სადაც როგორც წესი, ადგილს მხოლოდ წარჩინებული, საუკეთესო მოსწავლეები იკავებენ.
მაშინ 9-10 წლისა ვიყავი. და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ
თითქმის 5 წელი გავიდა, ზუსტად მახსოვს როგორ დავცქეროდი საკუთარ ხელებს, როგორ
გამალებით მიცემდა გული და როგორ ვმალავდი თვალებს, რომ სახეში არ შემეხედა არც
ჩემი მეგობრებისთვის და არც მასწავლებლისთვის. მასწავლებელი კი აგრძელებდა ახსნას,
რომ ასეთ სტენდებზე მოხვედრა მხოლოდ წარმატებულ მოსწავლეთა ხვედრია. მე, ისევ
თავჩაღუნული, ვფიქრობდი, თუ თავს არ ავწევდი, ისინი ვერ გაიგონებდნენ ჩემი გულის
ცემას.
ეს ჩემს
ცხოვრებაში ყველაზე გრძელი, ყველაზე საშინელი და ყველაზე მძიმე წუთები იყო.
პირველად მაშინ გავიფიქრე, რომ მე ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევდი. რომ მე, ვისაც
არასოდეს შემიყვარდებოდა მათემატიკა, ვერაფერს გავუგებდი ფიზიკასა და ბიოლოგიას,
ყველაზე წარუმატებელი ცხოვრება მელოდებოდა. და რაც ყველაზე მეტად მტკენდა გულს ის
იყო, რომ როცა ჩემი მშობლები ამ სტენდს ნახავდნენ, ისინიც ზუსტად ასე
შემაფასებდნენ და იმავეს მეტყოდნენ...
შემდეგი
დღეები ისე გაგრძელდა, ვითომ არც არაფერი მომხდარიყოს. თუმცა ჩემთვის იმ
გაკვეთილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გამიჩნდა შიში, რომ ჩემი მშობლები ჩემზე
გულს აიცრუებდნენ, რომ ყველგან, სადაც კი გავივლიდი, ყველა ჩემზე და სკოლის
სტენდზე ისაუბრებდა. მე მრცხვენოდა იმ ადამიანების, ვის ისტორიებსაც იმ დღემდე ასე
აღტაცებით ვსწავლობდი, ვინც ჩემი გმირები იყვნენ, ვინც ასე ძალიან მიყვარდა.
არადა, როგორ მინდოდა ჩემთვისაც ეწოდებინათ წარჩინებული, ყოჩაღი, ძლიერი. მეამაყა
ჩემს მშობლებთან ჩემი წარმატებით, მეც დამეჭირა ჩემი შემოხედვისას მასწავლებლების
თვალებში “კარგი მოსწავლისთვის“
განკუთვნილი სხივები...
ახლა,
როცა სიბნელეში მარტო ვრჩები და მეშინია ხოლმე, როცა დიდ წინააღმდეგობას ვაწყდები,
სწორედ ამ დღეს ვიხსენებ და ჩემს თავს ვეუბნები, რომ “ის“ გაცილებით მძიმე და
საშიში იყო...
მიმიხვდით
ალბათ, მე არ გახლავართ ერთადერთი გამონაკლისი, ვისაც ბავშვობაში გული ძალიან
ტკენია. დღევანდელ სკოლას არაერთი მაგალითი აქვს იმისა, თუ რამდენ პრობლემას აწყდებიან
მოსწავლეები. მათ შორის სწორედ მასწავლებლებისაგან. მინახავს უამრავი ატირებული
ბავშვი, რომლებიც ჩუმად ატარებენ ჭრილობებსა და შიშებს. მათ ეკარგებათ
თვითშეფასების უნარი, ვერ ენდობიან მეგობრებს, და ვეღარც მასწავლებლებს. და იმიტომ
კი არა, რომ ისინი მართლა არასრულფასოვნები არიან, არამედ იმიტომ, რომ ყოველი
ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან არატოლერანტულ გარემოსა და საზოგადოებას.
და მაინც,
რა არის ეს, რაც ბავშვობიდანვე გვახრჩობს, გვწამლავს და სიცოცხლის ხალისს
გვაკარგვინებს?
... მას
შეხვდებით ყველგან - ეკლესიაში, ტრანსპორტში, გზაზე. მისი არსებობა იგრძნობა ყველგან - ჰაერში,
წყალში, სახლსა თუ სკოლაში. იგი არის
ყველაფრის თანმდევი განცდა. ის არის ერთი და ის არის მრავალნაირი. ისინი არიან
ასობით, ათასობით. იგი ყველგანაა და ამასთანავე არსად. მის გარშემო ირევა ხალხი
მოზუზუნე ფუტკრებივით.
როდესაც მიდიხარ ქუჩაში, მას ჰქვია მათხოვარი.
საავადმყოფოში მას ჰქვია ავადმყოფი. ომში - ტყვე, მშვიდობიანობისას პატიმარი,
იმპერიაში - მონა, მისგან მოდის ენერგიაც და უძლურებაც, სიმშვიდეც და
მშფოთვარებაც, სიძულვილიც და სიყვარულიც. როდესაც მსხვერპლს ვუყურებთ, - უცნაურ და განსხვავებულ
ადამიანებად ვთვლით, არადა, სულ ერთი წამია საკმარისია იმისთვის, რომ მათ გავუგოთ.
როდესაც
ხეიბარს გზას არ ვუთმობთ, ის ხეიბარია. მაგრამ როდესაც ჩვენ, საღ და ჯანმრთელ
ადამიანებს, გზას არ გვითმობენ, ჩვენ სიბრაზისაგან აქეთ-იქეთ ვაწყდებით, რადგან
მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ყურადღებას არ გვაქცევენ, რომლებსაც
გზას არ უთმობენ. როცა ინვალიდის ეტლში ჩამჯდარ ადამიანს ვხედავთ, ჩვენ გვგონია,
რომ ეს ასეც უნდა იყოს, რომ ეს არაფერია, რომ ეს ჩვენ არ გვეხება, ან არასოდეს
შეგვეხება. ან უბრალოდ, - რა ჩემი საქმეა!...
მინახავს
როგორი კრძალვით ეპყრობიან განსხვავებულ ადამიანებს და როგორ სასტიკად,
შეუბრალებლად დასცინიან მათ თავიანთ გულებში. არც კი ვითავისებთ, რომ ამ
ადამიანებს ოცნების შესაძლებლობასაც კი ვუსპობთ!
აი ასე,
ერთმანეთშია არეული მსხვერპლი და მოძალადე, დიქტატორი და მონა, შეურაცხმყოფელი და ჩაგრული.
მათზე ძირითადად წარსულ დროში საუბარი
გვირჩევნია: იყო, მათხოვრობდა, უყვარდა, ცხოვრობდა.
უბრალოდ,
მათი გახსენებაც კი კომფორტს გვირღვევს.
ბევრი
ჩვენი თანატოლია ამ დღეში. ბევრი მათგანია გარიყული საზოგადოებისგან,
მეგობრებისგან... ბევრი მოხუცია ასე...
და ჩვენ
არ გვრცხვენია იმის, რომ არ გვრცხვენია! - ეს არის მთავარი ტრაგიზმი ჩვენი
არსებობისა.
საკვირველია,
მაგრამ ასეა, ჩვენში რატომღაც, უმეტესწილად, გაოცებას მოსდევს დაცინვა,
გულგრილობას დავიწყება. ეს ეგოიზმია, ცინიზმი.
სკოლა ის
ადგილია, სადაც ადამიანებს სიყვარულს, თანადგომას, ურთიერთობას, საბოლოოდ კი,
ადამიანობას უნდა ასწავლიდნენ, კარგებად და ცუდებად, თუნდაც სუსტებად დაყოფილი
მოსწავლეები ვერასოდეს შექმნიან სრულყოფილ საზოგადოებას, მათ არასოდეს მოშორდება
ბავშვობიდან გამოყოლილი განცდა: ძლიერებს ამპარტავნობის, სუსტებს კი სიძულვილისა.
დიახ, სიძულვილი უკეთესის, სტენდებზე “გამოჭიმულის“, რასაც ნებით თუ უნებლიედ,
სწორედ მასწავლებელმა ჩაუყარა საფუძველი.
ასეთი საზოგადოება
ყოველთვის იქნება გულგრილი განსხვავებულის, დაჩაგრულის, მათხოვრის, მოხუცის
მიმართ, რადგან მას სკოლაში ადამიანების მიმართ პატივისცემა კი არ ასწავლეს,
არამედ საკუთარი თავიც კი შეაზიზღეს,
საკუთარ უპერსპექტივობაში დაარწმუნეს, არასრულფასოვნების კომპლექსით გაჟღინთეს და
ცხოვრების აურზაურში მოისროლეს.
განათლება,
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში,
ვფიქრობ ერთადერთი გამოსავალია არსებული სინამდვილიდან. მხოლოდ განათლებას შეუძლია
ერთმანეთი შეაყვაროს და ღირსეული, ადამიანურობის
რაც
შეეხება სტენდს, რომლითაც ჩემი მოსაზრების ჩამოყალიბება დავიწყე, ჩემს სკოლაში არ
(აღარ) არსებობს. როგორ?
ძალიან
მარტივად, ერთ მშვენიერ დღეს იმ სტენდზე, რომელიც ჩვენ, მეგობრებს ძლიერებად და
სუსტებად, წარმატებულად და წარუმატებლებად, პერსპექტიულ და უპერსპექტივოებად
გვყოფდა, ჩემი ხელი დავახატე და ზედ ჩემი სახელიც დავაწერე. მეორე დღეს სტენდზე
მეორე ხელი გაჩნდა, მერე მესამე, მეხუთე, ორმოცდამეთხუთმეტე. და ჩვენ ერთად,
ყველამ შევძელით გვეჩვენებინა ჩვენი ძალა, მასწავლებლებისთვის ჩვენი აღიარება,
დანახვა გვესწავლებინა, საბოლოოდ კი გვეთქვა, რომ სწორედ ამ ხელებმა და იმ
წარჩინებულებმა უნდა ავაშენოთ ერთიანი, საინტერესო, ხალისითა და სიყვარულით
გაჯერებული საზოგადოება, სადაც არავინ იგრძნობს თავს გარიყულად, არავის ექნება
უპერსპექტივობის განცდა, ყველა
ერთმანეთის
ღირსებას დაიცავს და ერთმანეთს შეიყვარებს ისეთებს, როგორებიც ვართ!
Комментариев нет:
Отправить комментарий